Saturday, February 27, 2021

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას

 კულტურული მემკვიდრეობა ის საფუძველია, რომელიც წარსულისაკენ მიგვახედებს, ქართველთა იდენტობას განაპირობებს, საკუთარი თავის რწმენასა და მომავლის იმედს გვაძლევს.... ეს საგანძური ჩვენ წინაპართაგან გვერგო, უხილავი ძაფებით გვაკავშირებს წარსულთან, აწმყოსთვის მყარ საყრდენს გვაძლევს და არის ,,მშობელი მომავალისა.“ ის გენეტიკური გამოცდილების, ცოდნისა და კეთილდღეობის წყაროა, რომელსაც გაშიფვრა და მომავალი თაობისათვის გადაცემა სჭირდება. ამიტომ მივიჩნევთ, რომ ამ ეროვნულ საქმეში თითოეულ მოქალაქეს -  დიდსა და  პატარას, ქალსა და მამაკაცს, მოხუცსა და ახალგაზრდას - კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი როლი, პასუხისმგებლობა და მისია.  ილია ჭავჭავაძის თქმით, ,,დღეს მძლეთამძლეა გარჯა, შრომა, ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა და პატრონობა.“ ჩვენი ვალია, ყური მივუგდოთ მის ღაღადისს და თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ ჩვენს ,,ცოცხალ წინაპრებს“ - მატერიალური  და არამატერიალური კულტურის ძეგლებს.

           მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ძეგლების დაცვაზე ყოველთვის  საუბრობდნენ და დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ, სამწუხაროდ, სათანადოდ მაინც არ გვესმის ჩვენი ,,ცოცხალი წინაპრ(ებ)ის განუზომელი მნიშვნელობა და სიდიადე და, შესაბამისად, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ისევ დგას საფრთხის წინაშე. ფაქტია, რომ ძეგლების დაზიანება შეუქცევადი პროცესია და მას თავიდან ვერ ავიცილებთ. დროთა განმავლობაში ნებისმიერი მასალა ზიანდება ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური ზეგავლენით, ეროზიებით, მიწისძვრებით, არქეოლოგიური გათხრებით, ადამიანის ჩარევით, ხანძრით, ურბანული თუ ინდუსტრიის სწრაფი განვითარებით, ტურიზმით, ტერორიზმით, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტებით, დაუდევრობით, ცეცხლით, გათბობით, სანთლებით, ჭვარტლით,  ბუხრებითა და მსგავსი ენერგიის წყაროების ზემოქმედებით. მატერიალური ძეგლების დათვალიერებისას ხშირად შეგვიმჩნევია ვანდალიზმის ფაქტებიც. მაგალითად, წარწერები  ეკლესიის კედლებსა და კედლის მხატვრობის ნიმუშზე.. ხშირად ,,კულტურის პატივისმცემელნი“ ისტორიული ძეგლის კედლიდან ტეხენ ქვას და შინ მიაქვთ როგორც შთამბეჭდავი და ლამაზი დღის ძვირფასი ,,სახსოვარი.“ ძეგლებს აზიანებს არასწორად წარმოებული რესტავრაციაც. ე. წ. ,,მკურნალობამ“ ხშირად შესაძლოა, უარყოფითი შედეგი გამოიღოს და იმაზე მეტად დააზიანოს ძეგლი, ვიდრე ის იყო რესტავრაციამდე.  მაგალითისთვის გავიხსენოთ რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო,  X-XI სა-ნის ძეგლი ბაგრატის ტაძარი, რომელიც  1994 წელს, გელათის მონასტერთან ერთად,  მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა, ხოლო 2010 წელს ორივე მათგანი იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში მას შემდეგ გადაიტანა, რაც 2008 წელს  ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. ბაგრატის ტაძარს ჩაუტარდა შეუსაბამო რეკონსტრუქცია (რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში ჩასმული კედლები, კონსტრუქციები, გაბურღული ქვის სვეტები და მათ ნაცვლად რკინის არმატურა, სახურავი,  ლიფტი, ვათა ორიგინალური თანწყობის დარღვევა),  რის გამოც იუნესკოს ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ დაიკარგა ტაძრის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და  ძეგლს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქუთაისის (და არა მარტო ქუთაისის) სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა, შეელახა ავთენტურობა, დაეკარგა ის ინდივიდუალიზმი და სილამაზე, რომელიც მას სხვა ტაძრებისაგან გამოარჩევდა და, რაც მთავარია, სიძველის მიხედვით, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი.  ბაგრატის რეაბილიტაციამ  შეცვალა საზოგადოების განწყობაც, ერთი ტურისტის თქმით, ბაგრატი ,,რეკონსტრუქციამდე უფრო დიდი იყო....“

     ხშირად დავდივართ ექსკურსიაზე, ვეცნობით ჩვენი ქვეყნის ულამაზეს კუთხეებს და ,,ცისა და მიწის სამკაულად“ აღმართულ ტაძრებს, რომელთაგან ძალიან ბევრს სჭირდება მზრუნველობა-ჭირისუფლობა, აღდგენა-განახლება, მაგალითისთვის მრავალთაგან მხოლოდ ორს დავასახელებთ: ბეთანიასა და ყინწვისს, ორივე ტაძარი ჩვენი ქვეყნის იდენტობის მაცნე  და ლამაზი ისტორიის გაცოცხლებაა, ორივეს ამშვენებს ჩვენი დიდი მეფის, ქართველთა დედად წოდებული თამარის ფრესკა, ორივე ტაძარში ჟამთასვლისაგან   გაფერმკრთალებული  ფრესკები   შველას გვთხოვენ, მათი  რესტავრაცია-აღდგენაა  საჭირო, მაგრამ ისე, რომ არ დავკარგოთ ,,წარსულისადმი გრძნობა-პატივი“. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ქვეყნისა და  ერის კულტურულ მემკვიდრეობას,ისტორიულ ძეგლებს  არ დავუკარგოთ ღირებულება, შევუნარჩუნოთ ძველებური იერსახე, არ დავაყენოთ ისინი იმავე საფრთხის წინაშე, რომელიც დაუდევრობითა და გაუფრთხილებლობით დავმართეთ ბაგრატს,  საშიშროება შევუქმენით გელათს.

საპროექტო ჯგუფის

Saturday, February 20, 2021

ჩვენი არჩევანი - კულტურული მემკვიდრეობა

 

    პროექტის თემის გაცნობისთანავე  გაჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ ავირჩიეთ შემოთავაზებულ პრიორიტეტულ საკითხთთაგან  კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენი გადაწყვეტილება ეყრდნობა სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგებს (გამოიკითხა 500-მდე პიროვნება: მოსწავლე, პედაგოგი, მშობელი და  შედეგები ასე გადანაწილდა: კულტურული მემკვიდრეობა - 22%,  გარემოს დაცვა - 20%, ჯანსაღი ცხოვრება -18%, სამოქალაქო უსაფრთხოება - 13%, კონფლიქტების მართვა - 7%, ფინანსური წიგნიერება - 3%, კულტურული მრავალფეროვნება 4%, ადამიანის უფლებები - 13%), რომელიც, ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის კულტურის სიყვარულმა და იმ ტკივილმა განაპირობა, რომლის თვითმხილველიც თითოეული ჩვენგანი  ხშირად ყოფილა, რომელიც საკმაოდ ბუნებრივია და არაერთ მწერალსა თუ პოეტს  უქცევია თავისი შემოქმედების თემად.

        კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც ქართულ ხელოვნებას ,,დიდოსტატის მარჯვენითძეგლი დაუდგაგულისტკივილით წერდა: ,,განა მრავალი მოგზაური სიამოვნებით არა ბილწავს ისტორიულ ძეგლებს, ულამაზეს ფრესკებს თვალებს ფხაჭნიანჩუქურთმებს ყორეებში ყრიან, ან გომურების შესაკეთებლად ხმარობენ...“ ტკივილითა და დარდით გაჯერებული ფრაზებით: ,,მე რა ვიცოდი, თუ წინაპარი მითვალთვალებდა სათოფურიდან, თუ გადასწევდა ქორონიკონებს და ისკუპებდა ციხის გოდლიდან,“ გამოხატა თავისი სევდა ისტორიულ ძეგლთა უპატივცემულო-ბით განაწყენებულმა  შოთა ნიშნიანიძემაც, კაცმა, რომელმაც  ცად ,,ვედრებად აჭრილქართულ  ციხე-კოშკებს უკვდავი ,,ციხე-ტაძართა საგალობელიუძღვნა. გიორგი ლეონიძემაც ხოტბა შეასხა ქართველი კაცის შრომისმოყვარეობასა და ,,ნატვრის ხისპერსონაჟს, ისტორიული ნაშთების მაძიებელ ,,წანწალოსანს,“ ტაძართა ნანგრევებისა და ნაშთების  ჭირისუფალს, უჯარმის ნანგრევებში აღმოჩენილი ,,გორგასლისქვის რუდუნებით მომვლელ ჩორეხს, რომელიც ,,მხოლოდ წარსულით სუნთქავდა“, ათქმევინა: ,,ჩვენს სამშობლოში პატარა გორაკიც კი არ არის, რომ ზედ არ იდგეს  ტაძარი, ციხე-კოშკი, სიმაგრე“, სევდითა და სიყვარულით გაჯერებული მოთხრობით ქართული სიტყვის ხაზინადარმა  იტკივილა ,,მამული ნაჭირნახულევი...   ტყვექმნილი..  გამესამედებული...“ იგლოვა და გვაგლოვა ,,ნაოხრობა, დაქცეულობა, მოგვასმენინა ნანგრევების ღაღადისი... 

           ,,ცისა და მიწის სამკაულად“ ქცეული კულტურის  მატერიალური ძეგლების სიამაყით, ტკივილითა და გაფრთხილებით დამმოძღვრავ კალმოსანთა და მათ ნაღვაწთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ერთს ვიტყვით მხოლოდ, მათი შემოქმედებით ნასაზრდოებ შთამომავალთ, ძალიან გვტკივა წარწერებით აჭრელებული გალავნები, თვალებდათხრილი ფრესკები, ერთ დროს  სიძველით გამორჩეული და ახლა  რესტავრაციით სახეცვლილი   და გათანამედროვებული ეკლესია-მონასტრები, სიძველედაკარგული ძველი უბნები....  სამწუხაროდ, აღნიშნული პრობლება მრავალგვაროვანია, ის მატერიალური ძეგლების დარად ეხება არამატერიალურსაც.  საგანმანათლებლო სივრცის წევრებს განსაკუთრებით გვაღელვებს სახეცვლილი ,,დედაენა,” ,,ხმათა ხავერდებისა და ღმერთების“ ენის დამახინჯება უმართებულო სიტყვებითა და გამოთქმებით, სწორედ ამიტომ  კულტურულ მემკვიდრეობაზე ფიქრისა და მსჯელობისას გვერდი ვერ ავუარეთ ეროვნების ბურჯს -  ,,დედაენას,“  მიგვაჩნია, რომ ხვალინდელი საქართველოს მოქალაქის  მზერის, ყურადღების, ფიქრის, განსჯისა და ზრუნვის საგანი უნდა იყოს ის წიგნი, რომელიც,  როგორც პრაქტიკამ დაადასტურა,  გასცდა საავტორო სახელმძღვანელოს ფარგლებს და იქცა ზოგადსახალხო და ზოგადქართულ ფასეულობად.

                        ვიცით, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის კულტურული მემკვიდრეობა    უდიდესი სიმდიდრე, ხოლო მისი დაცვა და გაფრთხილება (სახელმწიფოსთან ერთად)  თითოეული მოქალაქის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, მაგრამ რა ფორმით, როგორ უნდა შევებრძოლოთ ,,დროის მსახვრალ ხელს“ისე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი საგანძური, თანაც ისე, რომ მათ არ დაეკარგოთ ისტორიული ღირებულება?...   ვფიქრობთ, პრობლემის მოსაგვარებლად  ზრუნვა და ფიქრი სწორედ სკოლის მერხიდან უნდა დავიწყოთ, ვესაუბროთ თანატოლებსა და უფროს მეგობრებს, მეზობლებს, მეგობრებს... ერთად ვისწავლოთ სიყვარული, ზრუნვა, გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა იმ  საგანძურისა, რომელიც თითოეული ქართველის სიამაყის საფუძველი და ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ასე შევიტანოთ ჩვენი წვლილი მატერიალური და არამატერიალური კულტურის გაფრთხილება-გადარჩენის საშვილიშვილო საქმეში.

საპროექტო ჯგუფი