პროექტის თემის გაცნობისთანავე გაჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ ავირჩიეთ შემოთავაზებულ პრიორიტეტულ საკითხთთაგან კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენი გადაწყვეტილება ეყრდნობა სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგებს (გამოიკითხა 500-მდე პიროვნება: მოსწავლე, პედაგოგი, მშობელი და შედეგები ასე გადანაწილდა: კულტურული მემკვიდრეობა - 22%, გარემოს დაცვა - 20%, ჯანსაღი ცხოვრება -18%, სამოქალაქო უსაფრთხოება - 13%, კონფლიქტების მართვა - 7%, ფინანსური წიგნიერება - 3%, კულტურული მრავალფეროვნება 4%, ადამიანის უფლებები - 13%), რომელიც, ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის კულტურის სიყვარულმა და იმ ტკივილმა განაპირობა, რომლის თვითმხილველიც თითოეული ჩვენგანი ხშირად ყოფილა, რომელიც საკმაოდ ბუნებრივია და არაერთ მწერალსა თუ პოეტს უქცევია თავისი შემოქმედების თემად.
კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც ქართულ ხელოვნებას ,,დიდოსტატის მარჯვენით“ ძეგლი დაუდგა, გულისტკივილით წერდა: ,,განა მრავალი მოგზაური სიამოვნებით არა ბილწავს ისტორიულ ძეგლებს, ულამაზეს ფრესკებს თვალებს ფხაჭნიან, ჩუქურთმებს ყორეებში ყრიან, ან გომურების შესაკეთებლად ხმარობენ...“ ტკივილითა და დარდით გაჯერებული ფრაზებით: ,,მე რა ვიცოდი, თუ წინაპარი მითვალთვალებდა სათოფურიდან, თუ გადასწევდა ქორონიკონებს და ისკუპებდა ციხის გოდლიდან,“ გამოხატა თავისი სევდა ისტორიულ ძეგლთა უპატივცემულო-ბით განაწყენებულმა შოთა ნიშნიანიძემაც, კაცმა, რომელმაც ცად ,,ვედრებად აჭრილ“ ქართულ ციხე-კოშკებს უკვდავი ,,ციხე-ტაძართა საგალობელი“ უძღვნა. გიორგი ლეონიძემაც ხოტბა შეასხა ქართველი კაცის შრომისმოყვარეობასა და ,,ნატვრის ხის“ პერსონაჟს, ისტორიული ნაშთების მაძიებელ ,,წანწალოსანს,“ ტაძართა ნანგრევებისა და ნაშთების ჭირისუფალს, უჯარმის ნანგრევებში აღმოჩენილი ,,გორგასლის“ ქვის რუდუნებით მომვლელ ჩორეხს, რომელიც ,,მხოლოდ წარსულით სუნთქავდა“, ათქმევინა: ,,ჩვენს სამშობლოში პატარა გორაკიც კი არ არის, რომ ზედ არ იდგეს ტაძარი, ციხე-კოშკი, სიმაგრე“, სევდითა და სიყვარულით გაჯერებული მოთხრობით ქართული სიტყვის ხაზინადარმა იტკივილა ,,მამული ნაჭირნახულევი... ტყვექმნილი.. გამესამედებული...“ იგლოვა და გვაგლოვა ,,ნაოხრობა, დაქცეულობა, მოგვასმენინა ნანგრევების ღაღადისი...“
,,ცისა და მიწის სამკაულად“ ქცეული კულტურის მატერიალური ძეგლების სიამაყით, ტკივილითა და გაფრთხილებით დამმოძღვრავ კალმოსანთა და მათ ნაღვაწთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ერთს ვიტყვით მხოლოდ, მათი შემოქმედებით
ნასაზრდოებ შთამომავალთ, ძალიან გვტკივა წარწერებით აჭრელებული გალავნები, თვალებდათხრილი
ფრესკები, ერთ დროს სიძველით გამორჩეული და
ახლა რესტავრაციით სახეცვლილი და გათანამედროვებული ეკლესია-მონასტრები, სიძველედაკარგული
ძველი უბნები.... სამწუხაროდ, აღნიშნული
პრობლება მრავალგვაროვანია,
ის მატერიალური ძეგლების დარად ეხება არამატერიალურსაც. საგანმანათლებლო სივრცის წევრებს განსაკუთრებით გვაღელვებს
სახეცვლილი ,,დედაენა,” ,,ხმათა ხავერდებისა და ღმერთების“ ენის დამახინჯება უმართებულო
სიტყვებითა და გამოთქმებით, სწორედ ამიტომ კულტურულ
მემკვიდრეობაზე ფიქრისა და მსჯელობისას გვერდი ვერ ავუარეთ ეროვნების ბურჯს - ,,დედაენას,“ მიგვაჩნია, რომ ხვალინდელი საქართველოს მოქალაქის მზერის, ყურადღების, ფიქრის, განსჯისა და ზრუნვის საგანი უნდა იყოს ის წიგნი, რომელიც, როგორც პრაქტიკამ დაადასტურა, გასცდა საავტორო სახელმძღვანელოს ფარგლებს და იქცა ზოგადსახალხო და ზოგადქართულ ფასეულობად.
ვიცით,
რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი სიმდიდრე, ხოლო მისი დაცვა და გაფრთხილება (სახელმწიფოსთან ერთად) თითოეული მოქალაქის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა,
მაგრამ რა ფორმით, როგორ უნდა შევებრძოლოთ ,,დროის მსახვრალ ხელს“ისე, რომ გადავარჩინოთ
ჩვენი საგანძური, თანაც ისე, რომ მათ არ დაეკარგოთ ისტორიული ღირებულება?... ვფიქრობთ, პრობლემის მოსაგვარებლად ზრუნვა და ფიქრი სწორედ სკოლის მერხიდან უნდა დავიწყოთ,
ვესაუბროთ თანატოლებსა და უფროს მეგობრებს, მეზობლებს, მეგობრებს... ერთად ვისწავლოთ
სიყვარული, ზრუნვა, გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა იმ საგანძურისა, რომელიც თითოეული ქართველის სიამაყის
საფუძველი და ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ასე შევიტანოთ ჩვენი წვლილი მატერიალური
და არამატერიალური კულტურის გაფრთხილება-გადარჩენის საშვილიშვილო საქმეში.
საპროექტო ჯგუფი
No comments:
Post a Comment