კულტურული მემკვიდრეობა ის საფუძველია, რომელიც წარსულისაკენ მიგვახედებს, ქართველთა იდენტობას განაპირობებს, საკუთარი თავის რწმენასა და მომავლის იმედს გვაძლევს.... ეს საგანძური ჩვენ წინაპართაგან გვერგო, უხილავი ძაფებით გვაკავშირებს წარსულთან, აწმყოსთვის მყარ საყრდენს გვაძლევს და არის ,,მშობელი მომავალისა.“ ის გენეტიკური გამოცდილების, ცოდნისა და კეთილდღეობის წყაროა, რომელსაც გაშიფვრა და მომავალი თაობისათვის გადაცემა სჭირდება. ამიტომ მივიჩნევთ, რომ ამ ეროვნულ საქმეში თითოეულ მოქალაქეს - დიდსა და პატარას, ქალსა და მამაკაცს, მოხუცსა და ახალგაზრდას - კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი როლი, პასუხისმგებლობა და მისია. ილია ჭავჭავაძის თქმით, ,,დღეს მძლეთამძლეა გარჯა, შრომა, ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა და პატრონობა.“ ჩვენი ვალია, ყური მივუგდოთ მის ღაღადისს და თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ ჩვენს ,,ცოცხალ წინაპრებს“ - მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ძეგლების
დაცვაზე ყოველთვის საუბრობდნენ და დღეს ძალიან
ხშირად საუბრობენ, სამწუხაროდ, სათანადოდ მაინც არ გვესმის ჩვენი ,,ცოცხალი წინაპრ(ებ)ის
განუზომელი მნიშვნელობა და სიდიადე და, შესაბამისად, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ისევ დგას საფრთხის
წინაშე. ფაქტია, რომ ძეგლების დაზიანება შეუქცევადი პროცესია და მას თავიდან ვერ ავიცილებთ.
დროთა განმავლობაში ნებისმიერი მასალა ზიანდება ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური ზეგავლენით, ეროზიებით, მიწისძვრებით,
არქეოლოგიური გათხრებით, ადამიანის ჩარევით, ხანძრით, ურბანული თუ ინდუსტრიის სწრაფი
განვითარებით, ტურიზმით, ტერორიზმით, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტებით, დაუდევრობით,
ცეცხლით, გათბობით, სანთლებით, ჭვარტლით, ბუხრებითა
და მსგავსი ენერგიის წყაროების ზემოქმედებით. მატერიალური ძეგლების დათვალიერებისას
ხშირად შეგვიმჩნევია ვანდალიზმის ფაქტებიც. მაგალითად, წარწერები ეკლესიის კედლებსა და კედლის მხატვრობის ნიმუშზე..
ხშირად ,,კულტურის პატივისმცემელნი“ ისტორიული ძეგლის კედლიდან ტეხენ ქვას და შინ მიაქვთ
როგორც შთამბეჭდავი და ლამაზი დღის ძვირფასი ,,სახსოვარი.“ ძეგლებს აზიანებს არასწორად
წარმოებული რესტავრაციაც. ე. წ. ,,მკურნალობამ“ ხშირად შესაძლოა, უარყოფითი შედეგი
გამოიღოს და იმაზე მეტად დააზიანოს ძეგლი, ვიდრე ის იყო რესტავრაციამდე. მაგალითისთვის გავიხსენოთ რომელიც გაერთიანებული
საქართველოს სიმბოლო, X-XI სა-ნის ძეგლი ბაგრატის
ტაძარი, რომელიც 1994 წელს, გელათის მონასტერთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა, ხოლო
2010 წელს ორივე მათგანი იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში მას შემდეგ
გადაიტანა, რაც 2008 წელს ბაგრატის ტაძრის
რეაბილიტაცია დაიწყო. ბაგრატის ტაძარს ჩაუტარდა შეუსაბამო რეკონსტრუქცია (რკინა-ბეტონის
კონსტრუქციებში ჩასმული კედლები, კონსტრუქციები, გაბურღული ქვის სვეტები და მათ ნაცვლად
რკინის არმატურა, სახურავი, ლიფტი, ვათა ორიგინალური თანწყობის დარღვევა), რის გამოც იუნესკოს ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ დაიკარგა
ტაძრის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და ძეგლს,
რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქუთაისის (და არა მარტო ქუთაისის) სავიზიტო ბარათს
წარმოადგენდა, შეელახა ავთენტურობა, დაეკარგა ის ინდივიდუალიზმი და სილამაზე, რომელიც
მას სხვა ტაძრებისაგან გამოარჩევდა და, რაც მთავარია, სიძველის მიხედვით, მსოფლიო მემკვიდრეობის
სიაში იყო შეტანილი. ბაგრატის რეაბილიტაციამ შეცვალა საზოგადოების განწყობაც, ერთი ტურისტის
თქმით, ბაგრატი ,,რეკონსტრუქციამდე უფრო დიდი იყო....“
ხშირად დავდივართ ექსკურსიაზე, ვეცნობით ჩვენი
ქვეყნის ულამაზეს კუთხეებს და ,,ცისა და მიწის სამკაულად“ აღმართულ ტაძრებს, რომელთაგან
ძალიან ბევრს სჭირდება მზრუნველობა-ჭირისუფლობა, აღდგენა-განახლება, მაგალითისთვის
მრავალთაგან მხოლოდ ორს დავასახელებთ: ბეთანიასა და ყინწვისს, ორივე ტაძარი ჩვენი ქვეყნის
იდენტობის მაცნე და ლამაზი ისტორიის გაცოცხლებაა,
ორივეს ამშვენებს ჩვენი დიდი მეფის, ქართველთა დედად წოდებული თამარის ფრესკა, ორივე
ტაძარში ჟამთასვლისაგან გაფერმკრთალებული ფრესკები
შველას გვთხოვენ, მათი რესტავრაცია-აღდგენაა საჭირო, მაგრამ ისე, რომ არ დავკარგოთ ,,წარსულისადმი
გრძნობა-პატივი“. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ
ქვეყნისა და ერის კულტურულ მემკვიდრეობას,ისტორიულ
ძეგლებს არ დავუკარგოთ ღირებულება, შევუნარჩუნოთ
ძველებური იერსახე, არ დავაყენოთ ისინი იმავე საფრთხის წინაშე, რომელიც დაუდევრობითა
და გაუფრთხილებლობით დავმართეთ ბაგრატს, საშიშროება
შევუქმენით გელათს.
საპროექტო ჯგუფის
No comments:
Post a Comment