Thursday, February 3, 2022

3 თებერვალი - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ წიგნზე, როგორც ადამიანის ერთგულ მეგობარზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ვეცნობით მხატვრული ლიტერატურის შედევრებს, ვკითხულობთ ლექსებს, მოთხრობებს და ვაანალიზებთ წაკითხულს, განცდებს ვუზიარებთ ერთმანეთს. არასოდეს დამავიწყდება ჩემი თანაკლასელების კომპლექსური დავალებები თემაზე ,,წიგნი თუ კომპიუტერი?!".. დღესაც წიგნის შესახებ უნდა გვესაუბრა, ასმათ მასწავლებელმა გვითხრა, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს აღნიშნავს მსოფლიო და შემოგვთავაზა, ჩვენც გავმხდარიყავით მონაწილენი ამ საერთაშორისო ინიციატივისა.
გათენდა, კომპიუტერის ეკრანებთან დავსხედით და გაკვეთილის დაწყებას დაველოდეთ. მალე ზარი დაირეკა. მასწავლებელმა გაკვეთილის მიზანი და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ისტორია გაგვაცნო, გავიგეთ, რომ ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა და 31მილიონი ადამიანი ერთიანდება წიგნის სიყვარულით, რომ ამ მარათონში ჩართული ადამიანები ცდილობენ, კითხვით შეცვალონ სამყარო, გახდნენ უკეთესნი... წიგნზე ზოგადი საუბრის შემდეგ მასწავლებელმა გვითხრა, რომ მოწვეული სტუმარი წაგვიკითხავდა ლექსებს და გაგვაცნობდა თავის შემოქმედებას.. გულისფანცქალით ველოდით პოეტი ქალბატონის გამოჩენას, იცით, ვინ აღმოჩნდა სტუმარი? ჩვენი თანაკლასელის, ანასტასია ორჯონიკიძის, დედიკო, ქალბატონი ელისო ფიჩხაია-ორჯონიკიძე - ჩვენი ელისო დეიდა. თავდაპირველად ანასტასიამ ისაუბრა პოეტ დედაზე, შვილის თვალით დაგვანახა შემოქმედის გზა, შემდეგ ქალბატონმა ელისომ წაგვიკითხა ულამაზესი ლექსები ,,მე ქართველი ვარ", ,,ენავ გრიგალო" და ,,ნასახლარი"... მალე ჩემი და ჩემი თანაკლასელების ჯერიც დადგა, ჩავერთეთ საუბარში, გამოვთქვით აზრი, გამოვხატეთ ემოცია და უჩვეულო გაკვეთილით მიღებული კმაყოფილება, ვისაუბრეთ წიგნზე, ენაზე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, ლიტერატურაზე, გავიხსენეთ გმირები, ბოლოს მასწავლებელმა შეაჯამა ჩვენი გაკვეთილი და ქალბატონი ელისოს ულამაზესი ლექსით დაგვმოძღვრა:
სანამ ვინმეს თბილი მზერა შერჩენია,
სანამ ხეებს მზე კვლავ მოსავს ფოთლებით,
სანამ დიდი სიყვარული შეგვძლებია,
ერთმანეთი დავიფაროთ ლოცვებით.
სანამ წლები დაგვაცდიან სახლობანას,
სანამ ვინმეს შურის ენა არ ესმის,
სანამ კიდევ თამაშობენ ბავშვობანას,
სანამ ვინმეს ჭინკები ჰყავს თვალებში;
ერთი კიდევ დავამატოთ სხვა სიკეთეს,
ქვა, ნასროლი, მსუბუქ კენჭად ჩავთვალოთ.
სევდა ვანდოთ ღამეს - მთვარის საძინებელს,
ყველა წყენა ერთ ღიმილში გავცვალოთ;
ჩვენ ვიაროთ თავმდაბლობით განვლილ გზებზე,
სანამ ღაწვი შეეფაკლათ ალუბლებს,
სანამ წვიმა ვარდის ფურცლებს უალერსებს,
სანამ წვიმა ლექსებს მიისაკუთრებს;
სანამ ვიღაც ვარსკვლავებს წყვეტს მეცხრე ცაზე,
სანამ გულში ქაოსი აქვთ ამინდებს,
სანამ ვიღაც აგვიანებს პაემანზე,
სანამ კიდევ გული უცემთ ყვავილებს;
შევიფეროთ გზა ,დუმფარით დაფარული,
დიდსულოვნებს დღეს თითებზე ითვლიან,
კიდევ ბევრჯერ მოვიყვანოთ გაზაფხული,
სანამ გული სამყაროზე დიდია!..
დღეს მე, წიგნის საჯაროდ კითხვის ერთი მონაწილე, აქ, საჯაროდ გამოვხატავ ჩემს განცდებს, ბედნიერი ვარ, თანაც უზომოდ.. მადლობა ასმათ მასწავლებელს სასიამოვნო სიურპრიზისთვის, მადლობა ჩვენს სტუმარს ულამაზესი ლექსებისთვის, მადლობა ჩემს მეგობრებს აქტიურობისთვის. ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება.
-ქეთა

No comments:

Post a Comment