დღეს მე და ჩემი თანაკლასელები ძალიან სევდიანი, მაგრამ ამავდროულად შინაარსიანი გაკვეთილის მონაწილენი ვიყავით. ასმათ მასწავლებელმა 25 თებერვალზე დაგვაფიქრა, გვესაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, იმის მიუხედავად, რომ იმ ტრაგედიიდან 101 წელი გავიდა, მაინც გვტკივა და უცრემლოდ ვერ ვიხსენებთ ქვეყნის თავისუფლებას შეწირულ ქართველ იუნკრებს, მოწყალების დას მარო მაყაშვილს. გავიხსენეთ 1921 წლის 25 თებერვლი, დღე, როცა, კოლაუ ნადირაძის თქმით, ,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი", რადგან ჩემს ქვეყანაში ,,შემოდიოდა სიკვდილი ცელით." გავიხსენეთ ჩვენი უახლესი ისტორია, ტკივილადქცეული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი დროის საამაყო ქართველები - ჟიული შარტავა და გიორგი ანწუხელიძე. ვისაუბრეთ ომზე, რომელიც რუსეთმა გააჩაღა უკრაინაში, გავიხსენეთ საომარი მოქმედებების დროს ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანატოლი, 13 წლის ანტონ გერაშჩენკო. დავალებაც ჩვენით შევარჩიეთ, გადავწყვიტეთ, ჩვენებურად, ბავშვურად გაგვეპროტესტებინა ქართველი და უკრაინელი ხალხის ტრაგედია. წერილები მივწერეთ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, პუტინს ვთხოვეთ, შეწყვიტოს სისხლის ღვრა, ზელენსკისა და კლიჩკოს შევუქეთ გამბედაობა და ქვეყნის ერთგულება, ჩვენს თანატოლ უკრაინელებს მოვეფერეთ და მშვიდობა ვუსურვეთ..
No comments:
Post a Comment