Friday, June 11, 2021

ტაო-კლარჯეთი


დღეს Teams-ში ძალიან საამაყო და მაინც სევდიან ისტორიაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ... ისტორიულ ტაო-კლარჯეთზე ვისაუბრეთ, გავიხსენეთ აშოტ კურაპალატისდროინდელი საქართველო, არაბთა ბატონობა, ,,უდაბნოთა ქალაქმყოფელი" გრიგოლ ხანძთელი. ჩვენმა პედაგოგებმა - დალი ბუჩუკურმა და ასმათ ჭარელიძემ - გვამოგზაურეს ბერის სამოსელში გამოწყობილი დიდი ერისკაცის ნაკვალევზე. ქალბატონმა დალი ბუჩუკურმა გაგვიზიარა საკუთარი შთაბეჭდილება... ვებინარი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო... ჩვენი მასწავლებლები ჭირისუფლობდნენ საქართველოს... განცდამ იმისა, რა განძი გვქონია, რა დავკარგეთ ჩვენც აგვაღელვა, სულის სიმები აგვითრთოლდა და თვალები მოგვიცრემლიანდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გუმბათმორღვეული ხანძთა, მიწით დაფარული ბანა, გავიხარეთ აღდგენილი ოშკით, ამ ტაძრის დედაბოძით გამაგრებისთვის მადლობა შევწირეთ ვახტანგ ჯობაძეს, კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველ მეცნიერს, რომელიც 1965-85 წლებში თურქეთის ხელისუფლებამ მიიწვია ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესასწავლად. დალი მასწავლებელი იხსენებდა ნანახს და განცდილს, იყო ცრემლიც, სიამაყეც და განცდა იმისა, რომ:

,,საქართველოა საითაც წახვალ,
ყველგან ხახული, ბანა და ოშკი,
არის ვარძია არის ხახული,
არის ხერთვისი, ბანა და ოშკი"...



Thursday, June 10, 2021

ქვევრის ღვინის 8000 წლიანი ისტორია

 ჩვენი საპროექტო ჯგუფის მუშაობის ულამაზესი, შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და ემოციური ფინალი... ქართული სულისა და გენის, კულტურისა და ხელოვნების ზეიმი. არაჩვეულებრივი სტუმრები, ,,შატომარანის" სერთიფიცირების მენეჯერი, ქიმიკოს-დეგუსტატორი ქალბატონი ლელა სამადალაშვილი და შპს ,,ქართული სახლის" მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი ბატონი ვალერიან ვარდოსანიძე, რომელთაც თიმსის საგანმანათლებლო სივრცეში შეკრებილ მოსწავლეებს,  პედაგოგებსა და მშობლებს ჩაუტარეს დაუვიწყარი ვებინარი... საღამო დავიწყეთ მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმით ,,აქ ცხოვრობს ღვინო" და დამსწრე საზოგადოებას შევახსენეთ იუნესკოს 2013 წლის გადაწყვეტილება ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდისათვის  არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ,  შემდეგ  ქალბატონი ლელა გვესაუბრა  ქვევრის ღვინისა და ვაზის  ისტორიაზე,  საღვინე ჭურჭელზე - ქვევრზე,  ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ღვინის გემოვნურ და სამკურნალო თვისებებზე, ბატონმა ვალერიანმა ევროპული ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე,  ქვევრში ღვინის დაყენების წესზე, ალკოჰოლურ დუღილზე ქვევრის ღვინის განსხვავებულ სახეობაზე, ე. წ. ზედაშეზე,  მარნისა და საღვინე ჭურჭლის ჰიგიენაზე, ღვინის დაძმარებისაგან დაცვის მეთოდებზე გაამახვილა ჩვენი ყურადღება...  ჩვენს ვებინარში დაუსწრებლად, ეფექტური და შემეცნებითი ვიდეორგოლით ჩაერთო კომპანია ,,ეიფორიის" თანადამფინანსებელი და მთავარი მეღვინე ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც გაგვაცნო კომპანიის  საქმიანობა, მიზნები, ამოცანები, გვესაუბრა ვაზის კულტურაზე, ჯიშებზე, ტრადიციული და კლასიკური მეთოდით ქართული ღვინის დამზადებაზე..  საინტერესო საუბარმა გააერთიანა სტუმარი და მასპინძელი, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები, სტუმრებისა და საპროექტო ჯგუფის მუშაობა შეაფასეს , თავიანთი აზრი გამოთქვეს და მადლიერება გამოხატეს პედაგოგებმა  ლუიზა ყურაშვილმა, თამუნა ვალიშვილმა, ჟანა დათუაშვილმა, თინა ფორჩხიძემ, მშობელმა ხათუნა ზურაშვილმა, ოთარ გზირიშვილმა,  მოსწავლეებმა მარიამ თათარაშვილმა, ანამარია გობეჯიშვილმა, ნინი ფსუტურმა, საბა ბუხრაძემ, გვანცა გვენცაძემ... 

საქმიანი, დატვირთული, სიყვარულითა და მომავლის იმედით, ქართული კულტურის სიყვარულით გაჯერებული საღამო დავასრულეთ პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ულამაზესი  ლექსით ,,ტაძართა და ვაზთა საგალობელი"...ლექსი გაფორმებული იყო ვიდეორგოლით, რომელიც აერთიანებდა ყველაფერს ქართულს, იმერს და ამერს, მთასა და ბარს, მატერიალურ და არამატერიალურ კულტურას, ქვევრს, ვაზსა და ღვინოს, ეკლესია-მონასტრებს, სასუფრო კულტურას, ცეკვას, ქართულ მრავალხმიანობას, საკრავებს, ულამაზეს ბუნებას... 

როგორც შოთა ნიშნიანიძე ამბობს:

,,ვაზია ჩვენი ბიბლია და ჩვენი ანბანი,
ქართველმა კაცმა გალობაც კი ვაზს მიამგვანა,
დიახ, ვაზია ლხინის ღმერთი, ლხინის უფალი,
ჭირნახულის და ჭირვარამის ჭირისუფალი...
ვაზო, შვილივით ნაზარდოო უთქვამს წინაპარს,
მირონი იცხო და ვაზის ჯვრით გზა გაილამპრა".

ვაზის ჯვარმა უწინამძღვროს, ვაზისა და ღვინის მადლმა დაიფაროს ჩვენი საქართველო...


Wednesday, June 9, 2021

ხუროთმოძღვრული ტაძრების არქიტექტურა და ფრესკები

 სამუდამოდ ჩაიკერება ჩემი და ჩემი მეგობრების მეხსიერებაში 2021 წლის 9 ივნისი - კიდევ ერთი ლამაზი, ნაყოფიერი, ამაღელვებელი და პროდუქტიული დღე ჩვენი სასკოლო ცხოვრებიდან...

დღეს საღამოს საპროექტო ჯგუფის წევრები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები თიმსის საგანმანათლებლო სივრცეში შევიკრიბეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ეროვნულ თემაზე სასაუბროდ, ჩვენი ხელოვნების მასწავლებლებმა, ნათია რობაქიძემ და ქეთი შიუკაშვილმა ჩაგვიტარეს ვებინარი თემაზე: ,,ხუროთმოძღვრული ტაძრების არქიტექტურა და ფრესკები". საინტერესო საუბარში დრო სწრაფად გაგვეპარა, ჩვენმა პედაგოგებმა გვამოგზაურეს წარსულში, გავიარეთ გზა უძველესი დროიდან დღემდე, ქეთი მასწავლებელმა შთამბეჭდავად გვიამბო ქართული ეკლესიების სამშვენისზე - ფრესკებზე, ულამაზესი და ფიქრის აღმძვრელი პრეზენტაციით ვირტუალურად ვიმოგზაურეთ ისტორიის გზა-ბილიკებზე, დავათვალიერეთ დავით გარეჯი, ბაგრატი, ყინწვისი, ვარძია, ბეთანია, სვანეთის ტაძრების ფრესკა-ჩუქურთმები, გავიარეთ გზა ხალხის წიაღიდან გამოსულ, ხალხური იდეებით განსწავლულთა მხატვრობიდან ცივილიზაციის ეპოქამდე, მოვიხიბლეთ არქიტექტორასთან პეიზაჟების საოცარი შერწყმით, დავინახეთ ბიზანტიური სკოლის გავლენა ქართულ ფერწერაზე... ნათია მასწავლებელი ბაგრატის ტაძრის ისტორიასა და ქართული ეკლესია-მონასტრების გუმბათების სახეობებზე გვესაუბრა, შთამბეჭდავი პრეზენტაციით - ,,ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია ავთენტური ნაწილების ახალ სხეულებში წარმოდგენა თუ იმიტაცია" - დაგვაფიქრა ისტორიული წარსულის სიდიადეზე,შეეხმიანა ჩვენი ნორჩი ჟურნალისტების ქუჩის გამოკითხვასა და არგუმენტირებულ ესეებად გარდასახულ კომპლექსურ დავალებებს.. ბევრი ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ... მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.. სასურველია, რომ ტაძრებს რესტავრაციისას შევუნარჩუნოთ სიძველე და არ დავუკარგოთ ავთენტურობა, ჩვენი დაუდევრობა-დაუფიქრებლობით არ ვუმტროთ წინაპართა ღვაწლს, არ დავმართოთ სხვა ტაძრებს ის, რაც გავუკეთეთ ბაგრატს...

Tuesday, June 8, 2021

სახალხო დღესასწაული ,,ბერიკაობა“ ატარებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს

 32-ე საჯარო სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ისწავლება არჩევითი საგანი ,,ფოლკლორი და მითოლოგია.“ ,,ბერიკაობით“ დაინტერესებული მოსწავლეები გაერთიანდნენ და თეატრალიზებული სანახაობაც მოაწყვეს, თავად დაამზადეს ნიღბები,სამოსი და იმპროვიზებულად წარმოადგინეს ის, რასაც წინაპრები დიდი გულმოდგინებით ატარებდნენ ხოლმე. პანდემიის გამო ვერ მოხერხდა უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიება, სამაგიეროდ ინფორმირებულები არიან ამ სახალხო დღესასწაულის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ქალაქ თბილისში ძეგლიც კი დგას ბერიკებისა, რომელიც დაათვალიერა საპროექტო ჯგუფმა და ყეენის მთაც მოვინახულეთ, სადაც საოცარი ,,საქართველოს მატიანეა“ გადაშლილი. გაჰყურებ თბილისის ზღვას და გესმის წინაპართა ძახილი:

-,,ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?“

-,,ჩვენ მოვდივართ!“

იგი ოდითგანვე დიდი მოწონებით სარგებლობდა და ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა საქართველოში.ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი). ალბათ, ამიტომაც ეს დღესასწაული გაზაფხულზე, გამრავლებისა და ბუნების გამოღვიძების პერიოდში იმართებოდა.

ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული.

დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია

და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო.საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბერიკაობა, რომელსაც ზოგჯერ 100-მდე შემსრულებელი ჰყავდა. მისი ტრადიციული ნიღბები იყვნენ:მეფე (სასიძო), კეკელა (სარძლო),მაჭანკალი, გლეხი, თავადი, თათარი, მოსამართლე, ექიმი, ხუცესი, აგრეთვე ტახი, დათვი, თხა და სხვა ცხოველები. დიდ ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ (ქალებისა და მოზარდების ბერიკაობა ცალკე იმართებოდა). საქართველოში ცნობილი ბერიკები იყვნენ XVIII საუკუნეში ოთარ ნორიოელი და ოიანა-ბუიანა, XIX საუკუნის I ნახევარში — აბელ რევაზიშვილი. 

XXI საუკუნეში ბერიკები თბილისშიც გამოჩნდნენ.

დღეისათვის, დიდმარხვის ყველიერის კვირაში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში, დროდადრო ჩნდებიან ხოლმე ბერიკები – სახალხო თეატრალიზებული წარმოდგენების მონაწილეები.


,,ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია“ - მოსწავლის თვალით დანახული პროცესი

32-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები საბა და ლუკა ბუხრაძეები იმ ტრადიციულ ოჯახში იზრდებიან, ვაზისა და ღვინის კულტურას რომ მიაგებენ პატივს და ქვევრის ღვინის წარმოების საკუთარი გამოცდილება აქვთ. ბიჭები პატარაობიდანვე ხედავენ უფროსების ძალისხმევას, შრომას და რუდუნებას რთველის, ღვინის დაყენებისა და რეალიზების შესახებ.ახსოვთ, როგორ დაინტერესდნენ ჯერ კიდევ პატარები, როგორ ბაძავდნენ უფროსებს და ახლაც, თბილისიდან ჩასულები როგორ ეხმარებიან პაპას ყურძნის დაწურვაში.


Saturday, June 5, 2021

მექვევრეობის ძირძველი ტრადიცია გურიაში! - ბიჭიკო ჩხაიძე - მექვევრე და მეფუტკრე!

ბიჭიკო ჩხაიძე ტრადიციული ოჯახის შვილია და ფლობს მექვევრეობის უძველეს დარგს. იცის ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია. მისი მშობლიური სოფელი აცანა ახლო წარსულში მექვევრეების სიმრავლითაც გამოირჩეოდა, თუმცა ახლა ეს ტრადიცია აღარ გრძელდება.მომავალ თაობას არ აინტერესებს ქვევრის დამზადება, რადგან უფრო მარტივი საშუალებანი არსებობს. თუმცა ქვევრის ოსტატი აღნიშნავს, რომ იუნესკოს აღიარებამ ადამიანები დააინტერესა და უპირატესობას ანიჭებენ ქვევრის ღვინოს. აცანაში დამზადებული ქვევრის ღვინო ცნობილი იყო ოდითგანვე მაღალი ხარისხით. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იმთავითვე გათვალისწინებული გახლდათ.

მექვევრეობა და მეფუტკრეობა - ორი შესანიშნავი საქმე შეუხმატკბილა ერთმანეთს მუყაითმა და გამრჯე ახალგაზრდამ. უყვარს თავისი საქმე.ჯიშსა და ჯილაგს ვერ ღალატობს,წინაპრების ძახილს ყურს უგდებს და  ეფერება თიხას.ეს ტალახიც სოფლის მონაპოვარია.მოთხარო, მოიტანო, მოზილო, გამოძერწო, გამოწვა და... ვინ იცის.... რამდენი ფიქრი და სატკივარი, სიხარული და იმედი უნდა ამოაგვირისტო, ჭურად აქციო და... ჯადოსნური სითხით შეავსო, რომელიც იდუღებს და იშუშხუნებს, ძარღვებს დაივლის და ზოგს გააგიჟებს, ზოგს დააწყნარებს, ზოგს აამღერებს, ზოგს დააბერებს... ამიტომაც ჩვენი ბიჭიკოც ღიღინ-ღიღინით აკეთებს თავის საქმეს, რომ სულ სიმღერით გაილიოს ეს მადლიანი წუთისოფელი...





Friday, June 4, 2021

მასტერკლასი ვიკიჯაბასგან


2021 წლის 4 ივნისს საპროექტო ჯგუფის წევრები, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრის მოლოდინში, სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში შევიკრიბეთ... თითოეული ჩვენგანი, მოსწავლე და მასწავლებელი, გულისფანცქალით ველოდით სასურველ სტუმარს - ქართული ვიკიპედიის რედაქტორს, ვიკი-კლუბის დამფუძნებელს, სურამის N2 საჯარო სკოლის მენტორ მასწავლებელს, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრს, ქართულ-დანიური პარტნიორობის ექსპერტ-მასწავლებელს, ისტორიკოს ჯაბა ლაბაძეს.

დადგა ნანატრი წუთი, ბატონმა ჯაბამ ჩვენი სკოლის ეზოში შემოაბიჯა... მეგობრულად მოგვესალმა და მოგვიკითხა, შეხვედრა ძალიან დროული და პროდუქტიული გამოდგა, ბატონმა ჯაბამ აგვიხსნა რა არის ვიკიპედია, გვაჩვენა, თუ რა კონფიგურაცია უნდა დავაყენოთ და გამოვიყენოთ ვიკიპედიაში, გვასწავლა დარეგისტრირების მეთოდები, ჩაგვიტარა პრაქტიკული გაკვეთილი, ვიკიჯგუფის წევრებმა გავიარეთ რეგისტრაცია, შევასრულეთ დამოუკიდებელი სამუშაო, სტუმრისაგან მივიღეთ საჭირო რჩევა-დარიგებები, ვისაუბრეთ ვიკი-კლუბებზე, სტატიების წერაზე, თარგმნასა და ვიკიპედიაში განთავსების წესებზე, ვიკი-ბმულების, ე. წ. ჰიპერლინკების ჩასმაზე, წყაროებისა და სქოლიოს გამოყენებაზე, წყაროების სახეობებზე... დავსვით შეკითხვები და მივიღეთ ამომწურავი პასუხები, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა...
ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ტყვეობაში ვარ, შეხვედრის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები კმაყოფილებასა და მადლიერებას ვერ ვფარავდით. ახლა უკვე ვიცით, რომ ჩვენი საპროექტო ჯგუფი დავალებას პირნათლად შეასრულებს, ასეთი ლექცია და პრაქტიკული სამუშაო გვაძლევს იმედს, რომ შევძლებთ მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმის ისტორია შევქმნათ და განვათავსოთ ვიკიპედიაში...

- ნიკა შიტიკოვი

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ჩვენი საპროექტო ჯგუფის მუშაობას ასე გამოეხმაურა:

Thursday, June 3, 2021

ქართული სუფრა

 აკაკი წერეთლის "თორნიკე ერისთავის" შესწავლის შემდეგ მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები ქართულ სასუფრო ტრადიციებზე და გაამზადეს პრეზენტაციები