ჩვენი საპროექტო ჯგუფის მუშაობის ულამაზესი, შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და ემოციური ფინალი... ქართული სულისა და გენის, კულტურისა და ხელოვნების ზეიმი. არაჩვეულებრივი სტუმრები, ,,შატომარანის" სერთიფიცირების მენეჯერი, ქიმიკოს-დეგუსტატორი ქალბატონი ლელა სამადალაშვილი და შპს ,,ქართული სახლის" მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი ბატონი ვალერიან ვარდოსანიძე, რომელთაც თიმსის საგანმანათლებლო სივრცეში შეკრებილ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ჩაუტარეს დაუვიწყარი ვებინარი... საღამო დავიწყეთ მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმით ,,აქ ცხოვრობს ღვინო" და დამსწრე საზოგადოებას შევახსენეთ იუნესკოს 2013 წლის გადაწყვეტილება ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდისათვის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ, შემდეგ ქალბატონი ლელა გვესაუბრა ქვევრის ღვინისა და ვაზის ისტორიაზე, საღვინე ჭურჭელზე - ქვევრზე, ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ღვინის გემოვნურ და სამკურნალო თვისებებზე, ბატონმა ვალერიანმა ევროპული ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ქვევრში ღვინის დაყენების წესზე, ალკოჰოლურ დუღილზე ქვევრის ღვინის განსხვავებულ სახეობაზე, ე. წ. ზედაშეზე, მარნისა და საღვინე ჭურჭლის ჰიგიენაზე, ღვინის დაძმარებისაგან დაცვის მეთოდებზე გაამახვილა ჩვენი ყურადღება... ჩვენს ვებინარში დაუსწრებლად, ეფექტური და შემეცნებითი ვიდეორგოლით ჩაერთო კომპანია ,,ეიფორიის" თანადამფინანსებელი და მთავარი მეღვინე ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც გაგვაცნო კომპანიის საქმიანობა, მიზნები, ამოცანები, გვესაუბრა ვაზის კულტურაზე, ჯიშებზე, ტრადიციული და კლასიკური მეთოდით ქართული ღვინის დამზადებაზე.. საინტერესო საუბარმა გააერთიანა სტუმარი და მასპინძელი, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები, სტუმრებისა და საპროექტო ჯგუფის მუშაობა შეაფასეს , თავიანთი აზრი გამოთქვეს და მადლიერება გამოხატეს პედაგოგებმა ლუიზა ყურაშვილმა, თამუნა ვალიშვილმა, ჟანა დათუაშვილმა, თინა ფორჩხიძემ, მშობელმა ხათუნა ზურაშვილმა, ოთარ გზირიშვილმა, მოსწავლეებმა მარიამ თათარაშვილმა, ანამარია გობეჯიშვილმა, ნინი ფსუტურმა, საბა ბუხრაძემ, გვანცა გვენცაძემ...
საქმიანი, დატვირთული, სიყვარულითა და მომავლის იმედით, ქართული კულტურის სიყვარულით გაჯერებული საღამო დავასრულეთ პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ულამაზესი ლექსით ,,ტაძართა და ვაზთა საგალობელი"...ლექსი გაფორმებული იყო ვიდეორგოლით, რომელიც აერთიანებდა ყველაფერს ქართულს, იმერს და ამერს, მთასა და ბარს, მატერიალურ და არამატერიალურ კულტურას, ქვევრს, ვაზსა და ღვინოს, ეკლესია-მონასტრებს, სასუფრო კულტურას, ცეკვას, ქართულ მრავალხმიანობას, საკრავებს, ულამაზეს ბუნებას...
როგორც შოთა ნიშნიანიძე ამბობს:
,,ვაზია ჩვენი ბიბლია და ჩვენი ანბანი,
ქართველმა კაცმა გალობაც კი ვაზს მიამგვანა,
დიახ, ვაზია ლხინის ღმერთი, ლხინის უფალი,
ჭირნახულის და ჭირვარამის ჭირისუფალი...
ვაზო, შვილივით ნაზარდოო უთქვამს წინაპარს,
მირონი იცხო და ვაზის ჯვრით გზა გაილამპრა".
ვაზის ჯვარმა უწინამძღვროს, ვაზისა და ღვინის მადლმა დაიფაროს ჩვენი საქართველო...
No comments:
Post a Comment