Tuesday, June 8, 2021

სახალხო დღესასწაული ,,ბერიკაობა“ ატარებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს

 32-ე საჯარო სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ისწავლება არჩევითი საგანი ,,ფოლკლორი და მითოლოგია.“ ,,ბერიკაობით“ დაინტერესებული მოსწავლეები გაერთიანდნენ და თეატრალიზებული სანახაობაც მოაწყვეს, თავად დაამზადეს ნიღბები,სამოსი და იმპროვიზებულად წარმოადგინეს ის, რასაც წინაპრები დიდი გულმოდგინებით ატარებდნენ ხოლმე. პანდემიის გამო ვერ მოხერხდა უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიება, სამაგიეროდ ინფორმირებულები არიან ამ სახალხო დღესასწაულის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ქალაქ თბილისში ძეგლიც კი დგას ბერიკებისა, რომელიც დაათვალიერა საპროექტო ჯგუფმა და ყეენის მთაც მოვინახულეთ, სადაც საოცარი ,,საქართველოს მატიანეა“ გადაშლილი. გაჰყურებ თბილისის ზღვას და გესმის წინაპართა ძახილი:

-,,ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?“

-,,ჩვენ მოვდივართ!“

იგი ოდითგანვე დიდი მოწონებით სარგებლობდა და ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა საქართველოში.ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი). ალბათ, ამიტომაც ეს დღესასწაული გაზაფხულზე, გამრავლებისა და ბუნების გამოღვიძების პერიოდში იმართებოდა.

ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული.

დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია

და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო.საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბერიკაობა, რომელსაც ზოგჯერ 100-მდე შემსრულებელი ჰყავდა. მისი ტრადიციული ნიღბები იყვნენ:მეფე (სასიძო), კეკელა (სარძლო),მაჭანკალი, გლეხი, თავადი, თათარი, მოსამართლე, ექიმი, ხუცესი, აგრეთვე ტახი, დათვი, თხა და სხვა ცხოველები. დიდ ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ (ქალებისა და მოზარდების ბერიკაობა ცალკე იმართებოდა). საქართველოში ცნობილი ბერიკები იყვნენ XVIII საუკუნეში ოთარ ნორიოელი და ოიანა-ბუიანა, XIX საუკუნის I ნახევარში — აბელ რევაზიშვილი. 

XXI საუკუნეში ბერიკები თბილისშიც გამოჩნდნენ.

დღეისათვის, დიდმარხვის ყველიერის კვირაში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში, დროდადრო ჩნდებიან ხოლმე ბერიკები – სახალხო თეატრალიზებული წარმოდგენების მონაწილეები.


No comments:

Post a Comment