სამუდამოდ ჩაიკერება ჩემი და ჩემი მეგობრების მეხსიერებაში 2021 წლის 9 ივნისი - კიდევ ერთი ლამაზი, ნაყოფიერი, ამაღელვებელი და პროდუქტიული დღე ჩვენი სასკოლო ცხოვრებიდან...
დღეს საღამოს საპროექტო ჯგუფის წევრები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები თიმსის საგანმანათლებლო სივრცეში შევიკრიბეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ეროვნულ თემაზე სასაუბროდ, ჩვენი ხელოვნების მასწავლებლებმა, ნათია რობაქიძემ და ქეთი შიუკაშვილმა ჩაგვიტარეს ვებინარი თემაზე: ,,ხუროთმოძღვრული ტაძრების არქიტექტურა და ფრესკები". საინტერესო საუბარში დრო სწრაფად გაგვეპარა, ჩვენმა პედაგოგებმა გვამოგზაურეს წარსულში, გავიარეთ გზა უძველესი დროიდან დღემდე, ქეთი მასწავლებელმა შთამბეჭდავად გვიამბო ქართული ეკლესიების სამშვენისზე - ფრესკებზე, ულამაზესი და ფიქრის აღმძვრელი პრეზენტაციით ვირტუალურად ვიმოგზაურეთ ისტორიის გზა-ბილიკებზე, დავათვალიერეთ დავით გარეჯი, ბაგრატი, ყინწვისი, ვარძია, ბეთანია, სვანეთის ტაძრების ფრესკა-ჩუქურთმები, გავიარეთ გზა ხალხის წიაღიდან გამოსულ, ხალხური იდეებით განსწავლულთა მხატვრობიდან ცივილიზაციის ეპოქამდე, მოვიხიბლეთ არქიტექტორასთან პეიზაჟების საოცარი შერწყმით, დავინახეთ ბიზანტიური სკოლის გავლენა ქართულ ფერწერაზე... ნათია მასწავლებელი ბაგრატის ტაძრის ისტორიასა და ქართული ეკლესია-მონასტრების გუმბათების სახეობებზე გვესაუბრა, შთამბეჭდავი პრეზენტაციით - ,,ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია ავთენტური ნაწილების ახალ სხეულებში წარმოდგენა თუ იმიტაცია" - დაგვაფიქრა ისტორიული წარსულის სიდიადეზე,შეეხმიანა ჩვენი ნორჩი ჟურნალისტების ქუჩის გამოკითხვასა და არგუმენტირებულ ესეებად გარდასახულ კომპლექსურ დავალებებს.. ბევრი ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ... მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.. სასურველია, რომ ტაძრებს რესტავრაციისას შევუნარჩუნოთ სიძველე და არ დავუკარგოთ ავთენტურობა, ჩვენი დაუდევრობა-დაუფიქრებლობით არ ვუმტროთ წინაპართა ღვაწლს, არ დავმართოთ სხვა ტაძრებს ის, რაც გავუკეთეთ ბაგრატს...
No comments:
Post a Comment