მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო ვებინარის მონაწილენი გავხდით. ჩვენი სტუმარი გახლდათ ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, ვიკი-კლუბის დამფუძნებელი და უკვე 13 300-ზე მეტი სტატიის ავტორი ამ სივრცეში, სურამის N2 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, ქართულ-დანიური პარტნიორობის ექსპერტ -მასწავლებელი, ისტორიკოსი ბატონი ჯაბა ლაბაძე.
შეხვედრის თემა გახლდათ: ,,ვიკიპედია და კულტურული მემკვიდრეობა.“ მოსწავლეებმა გაიგეს, რომ მათი თანატოლები ვიკი-ჯგუფის წევრები არიან და ქმნიან ისტორიას, ამუშავებენ ინფორმაციას მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული ძეგლების შესახებ და განათავსებენ ვიკიპედიაში. დაიბადა სურვილი ამგვარი მუშაობის, რაზედაც ბატონი ჯაბასაგან მივიღეთ შემოთავაზება. იგი სკოლაში გვეწვევა და სამუშაო შეხვედრას გამართავს ბავშვებთან, დააკვალიანებს მათ, როგორ იმუშაონ. დააიმედა მომავალი თაობა, რომ რთული არაფერია, პირიქით, სასიამოვნო, საპასუხისმგებლო და საშვილიშვილო საქმეს ჩასჭიდებენ ხელს...
ბატონ ჯაბასთან დიალოგში ჩაერთნენ ისტორიის პედაგოგები: დალი ბუჩუკური და ბელა კოშაძე, საპროექტო ჯგუფის წევრები, მასწავლებელი ნათია მალიძე, ასმათ ჭარელიძე. დიდი გულისყურით უსმენდნენ სტუმარს მოსწავლეთა ოჯახის წევრებიც... მოეწონათ ბატონი ჯაბას მრავალმხრივი მოღვაწეობა, ეროვნული სულისკვეთება და ვუსურვებთ წარმატებებს ვიკი-სივრცეში ჩვენი ერის კულტურული მონაპოვრის შესანარჩუნებლად და გამოსამზეურებლად.
No comments:
Post a Comment