ქალბატონი ლელა გაფრინდაშვილი ვებინაზე დაგვპირდა, რომ ძალიან მალე ჩაგვიტარებდა კალიგრაფიის გაკვეთილს.. საპროექტო ჯგუფის წევრებმა თავი მოვუყარეთ ლამაზად წერის ხელოვნების შესწავლა-გაცნობის მსურველთ, Teams-ში შევქმენით კალიგრაფისტთა წრე და რამდენიმე დღე ამ შეხვედრაზე ფიქრში გავატარეთ. აი, დადგა ნანატრი წუთიც, შეხვედრა დაიწყო, ქალბატონმა ლელამ გვაჩვენა საინტერესო ფოტოკოლაჟი და გვესაუბრა ქართულ ანბანზე, მის სილამაზეზე. საწერ საშუალებებზე. ჩაგვიტარა მასტერკლასიც, ის ჩვენ თვალწინ აგვირისტებდა და აჩუქურთმებდა ულამაზეს ასოებს... გვაჩვენებდა ერთი და იმავე ასოს მოხაზვის სხვადასხვა ვერსიას... თეორიული და პრაქტიკული წვრთნის შემდეგ დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების ჯერი დადგა, დაიწყო ყველაზე დაძაბული და ემოციებით სავსე წუთები, დიდი მონდომებით შევუდექით წერას, საკუთარი სახელები მოვაგვირისტეთ. შედეგი სასიამოვნო იყო, მოვიხიბლეთ ანამარია გობეჯიშვილის, ანი კოშაძის, გვანცა გვენცაძის, ლიკა ესაკიას, ლიკა მადწავლებლისა და სხვათა ნამუშევრებით. ჩვენმა სტუმარმა მოგვიწონა ნაშრომი და შეგვიქო გულმოდგინება. გაჩნდა იმედი, რომ ძალიან მალე ჩვენი წრის წევრები უფრო ლამაზად დაწერენ დავალებებს და გააფორმებენ გაზეთებს. შეხვედრას ესწრებოდა სვერის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ნინო ციცვიძე, რომელიც გვესაუბრა ქართულ ანბანზე, ლამაზად წერის ხელოვნებაზე, საუბრის ბოლოს შეაფასა ჩვენი პროექტი და წარმატებები გვისურვა.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლელას საინტერესო გაკვეთილისთვის.
No comments:
Post a Comment