25 მაისს ჩვენი საპროექტო ჯგუფის წევრები, ქართული კულტურით, საქართველოს ბუნების სილამაზით, პროზითა და პოეზიით დაინტერესებული ადამიანები Teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში შევიკრიბეთ და ამაოდმოუბარ ქალბატონებს ვუმასპინძლეთ... საღამო დავიწყეთ უჩვეულოდ ლამაზი გუდამაყრის ხეობის საცნობარო ფოტოკოლაჟით, რომელსაც ამშვენებდა დეკანოზ თავმაზ ჩოხელის სიმღერა და ამონარიდები გოდერძი ჩოხელის ლექსებიდან. გუდამაყარის ხეობაზე, მის ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე ვებინარი ჩაგვიტარა პოეტმა, პუბლიცისტმა, გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფმა, ქალბატონმა ნინო ზედელაშვილმა. ქალბატონმა ნინომ ბევრი რამ გვიამბო, უპასუხა ჩვენს კითხვებს, გაიხსენა ჩოხელის პროზა, პოეზია, დაწვრილებით განვიხილეთ და გავაანალიზეთ საოცარი ფილმი ,,სამოთხის გვრიტები," გავიგეთ, პატარა გოდერძის როგორ ,,დაუძახა კინომ", წლების შემდეგ როგორ ჩაირიცხა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და როგორ იქმნებოდა არაჩვეულებრივი ფილმები: ,,აღდგომა", ,,ლუკას სახარება", ,,ადამიანთა სევდა" ,,ადგილის დედა"...
ვებინარის მეორე ნაწილში ექვსი წლის წინ (2015 წლის 25 მაისს) მუხანათურად მოკლული ახალგაზრდა შემოქმედი ბეგი მამალაძე გავიხსენეთ, ვისაუბრეთ მის ნოველებზე, ლექსებზე, ნახატებზე, ჩვენმა სტუმრებმა, ბეგის დედამ, ქალბატონმა მარიკა ზედელაშვილმა და ახალგაზრდა კომპოზიტორმა თაკო კერესელიძემ ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედის ხანმოკლე ცხოვრების საინტერესო და სევდიანი ისტორიები გაიხსენეს... საინტერესო საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ვსვამდით კითხვებს, რადგან გვინდოდა, მეტი გაგვეგო ჩვენს თანატოლ ბიჭზე, რომელიც თავის სიყვარულიან სამყაროში იწვევდა ყველას და გვაცნობდა საქართველოს, სადაც ,,შავლეგოს მღერიან", ვებინარის მონაწილეებმა ერთხმად დავგმეთ ძალადობა. საინტერესო და სევდიანი ,,ფიქრთ გასართველი" საღამო დავასრულეთ კომპოზიტორ ნანა ბალახაშვილის ,,სამყაროს ჰიმნით," ულამაზეს მელოდიას, იმედიანი ხვალინდელი დღის საწყისივით, თან სდევდა და თავისებურ ხიბლს სძენდა ჩვენი სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტოკოლაჟი.
No comments:
Post a Comment