სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ულამაზეს სააქტო დარბაზში ზეიმობდა ქართული სული, საღამოს ორგანიზატორი და მასპინძელი, ქალბატონი მარიკა ზედელაშვილი სიყვარულითა და სითბოთი ეგებებოდა სტუმრებს... ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას - მოგონება... სევდიანმა და უჩვეულოდ თბილმა საღამომ გაგვახსენა მერაბ კოსტავა და 18 წლის ბეგი მამალაძე... ნორჩი დეკლამატორები კითხულობდნენ ლექსებს, ჟღერდა უჩვეულოდ ლამაზი მელოდია... საღამოს მონაწილეებს ჩვენი მოსწავლეებიც შეუერთდნენ, ეკატერინე ნავოიანმა შეკრებილთ ბეგი მამალაძის შემოქმედებით აღძრული შთაბეჭდილებები გაუზიარა და წაიკითხა ჩანახატი ,,კიბე ცამდე," რატი მეტრეველმა ააჟღერა მელოდია, რომელიც კომპოზიტორმა გია ყანჩელმა შექმნა სპექტაკლისთვის ,,რიჩარდ მესამე"...
გაზაფხულის მშვიდი და თბილი საღამო კლასიკური მუსიკის ჰანგებმა დაგვიტკბო და გაგვილამაზა... დავემშვიდობეთ გულთბილ მასპინძელს, რომელმაც გვისახსოვრა მერაბ კოსტავას ლექსების კრებული და ბეგის ნახატი ,,დიდგორის ბრძოლა"... ფეხით დავადექით გზას, რომელიც მოგონებებსა და შთაბეჭდილების ტყვობაში მყოფთათვის სწრაფად გაილია, მოვდიოდით, ერთმანეთს ვუზიარებდით განცდებს და ვფიქრობდით ორი შემოქმედის - მერაბ კოსტავასა და ბეგი მამალაძის - ფიქრის საგანზე, შეჭირვებულ საქართველოზე და ვოცნებობდით საყვარელი მამულის გამთლიანებაზე...
No comments:
Post a Comment