Thursday, April 29, 2021

კინოჩვენება - ,,სამოთხის გვრიტები"

 2021 წლის 29 აპრილს X-ე კლასის მოსწავლეებმა თიმსის საგანმანათლებლო სივრცეში მოვაწყვეთ გოდერძი ჩოხელის ფილმის ,,სამოთხის გვრიტების" ჩვენება-განხილვა. მოვიხიბლეთ რეჟისორისა და მსახიობების ოსტატობით, ანბანის შესწავლის უჩვეულო მეთოდით - სწავლა-სწავლებით პროცესში სამეურნეო იარაღების გამოყენებით.








Tuesday, April 27, 2021

შეხვედრა გერმანელ კავკასიოლოგ სებასტიან მინკნერთან


 N32 საჯარო სკოლის საპროექტო ჯგუფის წევრები ვაგრძელებთ საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ვგეგმავთ მათთან გასაუბრებას. ძიების შედეგად აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, კავკასიოლოგი, სებასტიან მინკნერი. ის წარმოშობით გერმანიიდნაა, 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

    ბატონი სებასტიანი საქართველოში 2009  წელს ჩამოვიდა და ამის შემდეგ დიდი სიყვარული აკავშირებს ჩვენს ქვეყანასთან. მან საუბრისას თქვა: ,,გულით უფრო ქართველი ვარ, ვიდრე გერმანელიო'' და ამ სიტყვებით ჩვენი გული მოინადირა. ბატონმა სებასტიანმა  საინტერესოდ გადმოგვცა ისტორია ასურეთის შესახებ, გვიამბო იმ გერმანელებზე, რომლებიც 1817-1818 წლებში, რელიგიური და პოლიტიკური მიზნების გამო, ჩამოვიდნენ და დასახლდნენ საქართველოში. ასევე გაგვაცნო ასურეთის არქიტექტურა და გავიგეთ, რომ იქ სახლები გერმანული სტილით იყო აშენებული.

    ბატონ სებასტიანთან შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა. ვებინარში ჩაერთნენ მშობლები, ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და გეოგრაფიის პედაგოგები, მოსწავლეები. პედაგოგმა ლუიზა ყურაშვილმა გაიხსენა აფხაზეთი, კერძოდ, ახალდაბა, რომელიც არქიტექტორული სტილით მსგავსია ასურეთისა. დავსვით კითხვები და ჩვენი სტუმრისაგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ბატონი სებასტიანის სახით N32 საჯარო სკოლამ შეიძინა არაჩვეულებრივი მეგობარი. დავსახეთ სამომავლო გეგმებიც, ჩვენი სტუმარი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება არქიტექტორ-რესტავრატორ, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელ დირექტორ ქალბატონ ნესტან თათარაშვილთან შეხვედრაში, ვგეგმავთ ასევე ექსკურსიას, ბატონი სებასტიანი გაგვიწევს მეგზურობას და, ვფიქრობთ, ამ ფორმით უფრო ღრმად და საფუძლიანად გავეცნობით ამ ულამაზეს კუთხესა და გერმანულ-ქართულ კულტურას.

შეხვედრა➔➔➔

Saturday, April 24, 2021

საფეხმავლო ტური ძველ თბილისში ( აბანოთუბანში )

 24 აპრილს VIII-X კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად დავათვალიერეთ ძველი თბილისი, კერძოდ, აბანოთუბანი. ჩვენმა ექსკურსიამძღოლმა, ტკბილქართულით მოსაუბრე ისტორიკოსმა, ,,კონკორ თრეველის“ გერმანულ-ქართულენოვანმა გიდმა, ავთანდილ ებრალიძემ, დაგვათვალიერებინა ღირშესანიშნავი ადგილები (მეტეხი, ანჩისხატი, სიონი, გოგირდის აბანოები, წმინდა აბოს სახელობის ტაძარი, სომხური ეკლესია, მეჩეთი, ნარიყალა, არქეოლოგიური გათხრები...). გაგვაცნო საინტერესო და ჩვენთვის უცნობი ინფორმაციები ძველი თბილისის შესახებ. ჩვენი საფეხმავლო ტური დაიწყო ავლაბრიდან, მოვილოცეთ მეტეხის ტაძარი, ვესაუბრეთ მამა ანტონს, მოვინახულეთ და პატივი მივაგეთ ქრისტიანობისათვის წამებული შუშანიკ დედოფლის საფლავს. ბატონმა ავთანდილმა შეგვახსენა ყოფილი პრეზიდენტის, შევარდნაძის, როლი ბერლინის კედლის დანგრევაში, გვაჩვენა გერმანიიდან ჩამოტანილი 3 მეტრიანი კედელი, რომელიც სიმბოლოა ამ კედლით შუაზე გაყოფილი მსოფლიოს გაერთიანების. დავათვალიერეთ გოგირდის აბანოები და განსაკუთრებით მოვიხიბლეთ ორბელიანისეული „ჭრელი აბანოს“ ისტორიით. გზაში ჩვენმა გიდმა გაგვაცნო ქალაქის ქუჩების ისტორიები, გვესაუბრა ღვინის აღმართზე, თათრის მოედანზე, გოლოვინის პროსპექტზე, ქალაქის განაშენიანებაზე, არქიტექტურაზე, იტალიური ეზოების მნიშვნელობაზე, ხალიჩების დამზადების ისტორიაზე... ფოტოები გადავუღეთ უამრავ არამატერიალურ და მატერიალური კულტურის ძეგლს. ჩვენი მოგზაურობა ე.წ. „კონკანსთან“ დასრულდა. შინ ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით. ჩვენი ცნობიერება ამაღლდა, რადგან ამ დღეს ლამაზადმოუბარი ექსკურსიამძღოლისაგან ბევრი რამ გავიგეთ თბილისის შესახებ.





Monday, April 19, 2021

საქმიანი შეხვედრა ბიომეურნეობის შემქმნელ ლუკა ქემერტელიძესთან - ,, ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიცია"

19 აპრილს საპროექტო ჯგუფის წევრებმა  საქმიანი შეხვედრა გავმართეთ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ქემერტელიძესთან, რომელმაც საჩხერის რაიონში დედასთან ერთად, მამაპაპისეულ მიწაზე 2 წლის წინ დააფუძნა საკუთარი მინი მეურნეობა. ეწევა მებოცვრეობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას და ტრადიციული მეთოდით, ამზადებს ქვევრის ღვინოს. ლუკამ საქმიან შეხვედრაზე გაგვიზიარა თავისი გამოცდილება, გვესაუბრა ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციაზეც, გაგვანდო, რომ მომავალში გეგმავს საკუთარ მეურნეობაშიც დანერგოს „თხევადი ოქროს“ ჯარას მეთოდით დამზადების ტექნოლოგია და დაგვპირდა, რომ მაისის თვეში საჩხერიდან ჩაგვერთვება და თანატოლებს პრაქტიკულად აჩვენებს საკუთარ მინი მეურნეობას. 


Friday, April 16, 2021

ქართველური ენები

 სკოლის დირექტორის, ქალბატონი ნინო ხუციძე-კაშიას, ინიციატივით 2021 წლის 16 აპრილს №32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ქართველური ენების შესახებ ესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, ლინგვისტი რუსუდან გერსამია




Wednesday, April 14, 2021

გასაუბრება იაპონელ ქართველოლოგ - იასუჰირო კოჯიმასთან

     ჩვენი საპროექტო ჯგუფი დაუკავშირდა ტოკიოს უნივერსიტეტის ასოცირებულ მეცნიერს, ლინგვისტს, კავკასიოლოგს, ქართველოლოგსა და მთარგმნელს იასუჰირო კოჯიმას. კაცს, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს ჩვენი სამშობლო და 2019 წელს გამორჩეული ლიტერატურული ქართულით მეტყველებისათვის გადაეცა თსუ ჯილდო.

    იასუჰირო კოჯიმა საქართველოში 1998 წელს ჩამოვიდა. მან 2004 წელს  თარგმნა გამოჩენილი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’’ და იაპონელ საზოგადოებას გააცნო მზიანი გულის შემოქმედის გურული იუმორით გაჯერებული მოთხრობა, როგორც თვითონ აღნიშნავს, მისი თანამემამულეები ძალიან მოიხიბლნენ ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობით და ქართველი ხალხის ურთიერთ დამოკიდებულებით. ამის შემდეგ თარგმნა ვაჟა-ფშველას პოემები და მოთხრობები, გოდერძი ჩოხელის ,,დავიწყების მდინარე’’, ლაშა თაბუკაშვილის ,,მშვიდობით, ქალბატონო’’. 2011 წელს იაპონურ ენაზე გამოსცა ქართული ენის სახელმძღვანელო, მეუღლესთან ერთად შეადგინა და გამოსცა იაპონურ-ქართული ლექსიკონი, ამჟამად თარგმნის კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენას’’ და მალე გამოსცემს ქართული პროზის ანთოლოგიას.  გარდა ლიტერატურის ის თანამემამულეებს აცნობს ქართულ კინოხელოვნებასაც. იაპონიაში, ტოკიოს ცენტრში მისი ინიციატივით ჩატარდა ქართული კინოს ფესტივალი, ქართული ხელოვნებით დაინტერესებულმა იაპონელებმა ნახეს აბულაძის ფილმები ,,ნატვრის ხე’’, ,,მონანიება’’, ,,ვედრება’’... ჩვენი სტუმარი 2022 წელს გემავს კვლავ ჩაატაროს ქართული კინოს ფესტივალი. ბატონ იასუჰიროს უყვარს ბუნება და, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც ახერხებს იმოგზაუროს და გაიცნოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე.

   ბატონი იასუჰირო თავისი ,,დაუჯერებელი’’ ქართულით გვესაუბრა  ლიტერატურაზე, მწერლობაზე, ხელოვნებაზე, საყვარელ მწერლებსა და პოეტებზე, გაგვაცნო  სამომავლო გეგმები, მოგვილოცა დედაენის დღე, 14 აპრილი, დაგვმოძღვრა და წარმატებები გვისურვა.

ჩვენთვის დიდი პატივი იყო გავსაუბრებოდით ადამიანს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მეორე სამშობლო უწოდა და მშობლიური იაპონიის დარად შეიყვარა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ ამ უნიკალურ ადამიანთან შეხვედრით, ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანისათვის 14 აპრილი გნსაკუთრებულად მზიანი და ღირსახსოვარი დღეა. 

ანანო მარგიშვილი - საპროექტო ჯგუფის წევრი


Tuesday, April 13, 2021

ჩვენი იაპონელი მეგობარი ჰაიატე სოტომე


 მე და ჩემმა მეგობრებმა, ჩვენი პროექტის ხორცშესასხმელად,  გადავწყვიტეთ, შევხმიანებოდით საქართველოს ისტორიით, მატერიალური და არამატერიალური კულტურით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბევრი ძიებაც არ დაგვჭირდა, სოციალურ ქსელში მალევე აღმოვაჩინეთ საქართველოს დიდი მეგობარი, ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორი, ანსამბლ ,,რუსთავისა’’ და ბორჯღალოსანთა თარჯიმანი ბატონი ჰაიატე სოტომე.

ბატონმა ჰაიატემ საქართველოს შესახებ შეიტყო ტოკიოს უნივერსიტეტში სწავლისას, როდესაც ერთ-ერთმა პედაგოგმა სტუდენტებს აჩვენა აბულაძის ფილმი ,,მონანიება’’. ამის შემდეგ მან დაიწყო ქართული ანბანის შესწავლა და 2011 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ამ დღის შემდეგ ის დაუმეგობრდა ჩვენს ქვეყანას.

    ...მალევე დავუკავშირდით ბატონ ჰაიატეს, რომელიც, სამწუხაროდ,  არ იმყოფებოდა საქართველოში, მაგრამ, მიუხედავად სიშორისა, დაგვპირდა, რომ აუცილებლად ჩაგვერთვებოდა იაპონიიდან.

   გათენდა 13 აპრილის დილა. საპროექტო ჯგუფის წევრები სულმოუთქმელად ველოდებოდით სასურველ სტუმართან შეხვედრას. მალე გავიგონეთ მისი ხმა, ის ემოციებითა და დიდი სიყვარულით გვესაუბრებოდა ჩვენს სამშობლოზე, ქართულ ენაზე, ტრადიციებზე. გვიამბო, როგორ წაიკითხა მოხსენება თსუ-ში ილია ჭავჭავაძის ,,კაცია - ადამიანზე’’, ყურადღება გაამახვილა რუსეთის კოლონიზატორულ მიზნებსა და იმ ტკივილზე, რომელიც უკავშირდება ბატონყმობისდროინდელი საქართველოს ყოფას.

    ჩვენ ვამაყობთ ასეთი უცხოელი მეგობრებით, გვიხარია, რომ მათთვის საქართველო მნიშვნელოვანია, ბედნიერები ვართ, რომ  დღეს მათი  დამსახურებით ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას  უფრო მეტი ადამიანი ეზიარება.


ელენე არსენაძე - საპროექტო ჯგუფის წევრი

Monday, April 12, 2021

გასაუბრება ღვაწლმოსილ პედაგოგ დოდო თელიასთან


      საპროექტო ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ, შევხმიანებოდით 32- საჯარო სკოლის ყოფილ პედაგოგს, დოდო თელიას (რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს) და მასთან გვესაუბრა ქართული კულტურის არამატერიალურ ძეგლზე - დედაენაზე. ალბათ, გაინტერესებთ, რამ განაპირობა ჩვენი არჩევანი? ქალბატონი დოდო წლების განმავლობაში იბრძოდა იმისათვის, რომ პატარა ქართველებს წერა-კითხვა იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენით" ესწავლათ, ის ეწინააღმდეგებოდა გადაკეთებულ-გათანამედროვებულ დედაენას და ცდილობდა, მის მოსწავლეებს ცოდნის სამყაროში მოგზაურობა იაკობის საანბანე სახელმძღვანელოთი დაეწყოთ. ენთუზიასტი პედაგოგი თავისი სახსრებით შეძენილ დედაენას სთავაზობდა მოსწავლეებს. ქალბატონი დოდოს სახელს უკავშირდება 32- საჯარო სკოლაში დედაენის კაბინეტის შექმნა-ფუნქციონირება.

    ჩვენმა შეთავაზებამ ძალიან გაახარა ღვაწლმოსილი პედაგოგი. ის დიდი სიამოვნებით გვიამბობდა გარდასულ დღეთა ამბებს, იხსენებდა პედაგოგობის წლებს, საყვარელ მოსწავლეებს, კოლეგებს, საინტერესოდ გვესაუბრა გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და ღვაწლზე, ქართული საანბანე წიგნის ისტორიაზე. ქალბატონი დოდო შორეულ ამერიკაშიც ცდილობს უცხოელებს გააცნოს ქართული კულტურა, ესაუბროს სტუმარ-მასპინძლობის წესზე, ქართულ სასუფრო ტრადიციებზე. ის ჩვენთან საუბარშიც შეეხო ქართულ ლხინსა და ნადიმს, გვითხრა, რომ ქართული სუფრა აერთიანებს ადამიანებს, ხელს უწყობს ნათესაური და მეგობრული კავშირების გაღრმავებას.

საუბრის ბოლოს დაგვმოძღვრა, გვთხოვა, გავუფრთხილდეთ ჩვენს საგანძურს - ენას, მამულს და სარწმუნოებას და დაგვათვალიერებინა თავისი ულამაზესი ნამუშევრები. ამ შეხვედრამ მე და ჩემს მეგობრებს დიდი სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭა.

      ნიკა შიტიკოვი - საპროექტო ჯგუფის წევრი


Saturday, April 10, 2021

ჩვენი მინი-კვლევა - დედაენა არის უწინარესი

 

მატერიალური კულტურის ძეგლების მსგავსად, ჩვენი ფიქრისა და ზრუნვის საგანია არამატერიალური კულტურის ძეგლი - დედაენა…. როგორც ვიცით, 1876 წელს იაკობ გოგებაშვილმა გამოსცა ,,დედაენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის.“ შალვა გოგებაშვილის თქმით, სიკვდილის წინ იაკობს ნატვრით უთქვამს: ,,დედაენა“ დიდი რამეა ჩვენი ერისთვის, მხოლოდ ის მაფიქრებს, რომ წერა-კითხვის საზოგადოებამ კარგად მოუაროსო.“ ,,წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ,“ მართლაც, გაითვალისწინა დიდი ერისკაცის  ნატვრა: ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1876-1925 წლებში ,,დედაენა“ 45-ჯერ გამოიცა, საბედნიეროდ, ამ გამოცემებში ჯერ კიდევ   იგრძნობოდა გოგებაშვილის დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპი და ანალიზურ-სინთეზური მეთოდი, მაგრამ  1935 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა, დაიწყეს საანბანე წიგნის ,,დაუნდობელი“ გადაკეთება-გადამუშავება. ყველას გვახსოვს ,,დედაენა“ საბჭოთა თემატიკით (ლენინი, სტალინი, ბერია, საბჭოთა არმია), რომელიც ეწინააღმდეგებოდა გოგებაშვილის პრინციპებს.... წლების განმავლობაში ცვლიდნენ იაკობის ,,დედაენას,“ , წიგნში შეტანილი ცვლილებები თვითმიზნური იყო და მხოლოდ ავტორობის გამართლებას ემსახურებოდა.  იაკობის თქმით: ,,ენის სიცოცხლე იწყება ფრაზებიდან და რამდენადაც ადრე გადახვალთ ფრაზებზე, იმდენად უფრო უკეთესია, ამ საიდუმლოს - კითხვის მნიშვნელობას, ყმაწვილი მხოლოდ ფრაზებით იგებს და გრძნობს...“ ამიტომ 32 საანბანე გაკვეთილიდან პირველი ოცდახუთი ერთსიტყვიანია, 26-27 - ორსიტყვიანი და 28-32  - სამსიტყვიანი. გაკვეთილის საანბანე სიტყვა უნდა ყოფილიყო  ბავშვისთვის კარგად ნაცნობი, პატარას სურათით უნდა გაეგო, რა ეწერა სურათის ქვეშ, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ე. წ. ,,დიდი წიგნების კითხვას“ არ ეწინააღმდეგება და, პირიქით, ხელსაც უწყობს მისი გონივრული  ილუსტრირება (სურათი, ნახატი), ერთ მაგალითს გავიხსენებთ, როდესაც ერთ-ერთ სახელმძღვანელოში საათი ჩაანაცვლეს თასით და დაიბნა ბავშვი, არ იცოდა, თასი ეთქვა, ჯამი, თეფში თუ აზარფეშა... სწორედ ასე ,,გადაკეთებულ-გაუარესებულმა“ და უხეშად დარღვეულმა საანბანე ტექსტის სტრუქტურამ დაგვიჩაგრა  იაკობის ,,დედაენა“ და, როგორც საბა-სულხანი იტყოდა, ,,საწანახდენოდ“ აქცია საქმე, რადგან ავტორობის გამართლების მცდელობა ,,არსად ისე დამღუპველი და დამამხობელი არ არის, როგორც ხალხის განათლებაში... მეტადრე იქ, სადაც დედაენას ზოგიერთნი ეპყრობიან ისე, როგორც ავი დედინაცვალი თავის მოძულებულ გერსა.“ საბედნიეროდ, 2008 წელს ,,დედაენის“ მიმსაკუთრებელ-მიმთვისებელთა წინააღმდეგ გაილაშქრა  ,,გოგებაშვილის საზოგადოებამ,“ რის შემდეგაც  (2013 წელს), კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ,,დედაენას“ - საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილისეულ მეთოდს -  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მიიღო კანონი ,,დედაენის“ დასაცავად, შეიქმნა კომისია, რომელმაც იხელმძღვანელა იაკობის პრინციპით: ,,საანბანე წიგნი არის ენობრივი სახელმძღვანელო,  მან ბავშვს უნდა ასწავლოს კარგი ქართული და შეაყვაროს დედაენა.“ აღნიშნული გადაწყვეტილებით, 1912 წლის გამოცემის საფუძველზე მოამზადეს საანბანე სახელმძღვანელო და  2019 წელს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას დაუბრუნდა გოგებაშვილის ,,დედაენა“. 2016 წელს იუნესკოს მიერ ქართული ანბანის სამივე სახეობას (დედაენითურთ) საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.  

     იაკობის თქმით, ,,საანბანე წიგნი არის ენობრივი სახელმძღვანელო,  რომელმაც  ბავშვს უნდა ასწავლოს კარგი ქართული და შეაყვაროს დედაენა“და  ჩვენ, იაკობის შთამომავალთ, გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჩვენი ენისა და ეროვნების ბურჯის ხსოვნის წინაშე, რომ ვუპატრონოთ და ვუჭირისუფლოთ ,,სიტყვებს წინაპართ მიერ გახედნილთ, დიდი რუსთველის უღელში ნაბამთ,“ დავდგეთ  მშობლიური ენის დაცვის სადარაჯოზე და  ჩვენს მეტყველებაში  ,,ტურა-მელასავით“ შემოჭრილ უცხო სიტყვებს არ დავამახინჯებინოთ ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა...“ ერთი პოეტის თქმისა არ იყოს:

,,ყველა ენას დიდება და ვარდთა ფენა,

უცხო სიტყვას ქართულ გულის ნათელი,

მაგრამ..მაგრამ.. დედაენა, დედაენა

დედაენა არის უწინარესი.“

 საპროექტო ჯგუფის

Thursday, April 8, 2021

სტუმრად ლურჯი სუფრის სახელოსნოსში



        მე და ჩემი მეგობრები, N32 საჯარო სკოლის  მოსაწევლეები, დავინტერესდით  „ლურჯი სუფრის“ დამზადების ტექნოლოგიით. გადავწყვიტეთ, ამ მიზნისათვის  ხორცი შეგეგვესხა, წავსულიყავით სამხატვრო აკადემიასთან არსებული „ლურჯი სუფრის“ სახელოსნოში და თავად მიგვეღო მონაწილეობა ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლის დამზადებაში.



     გათენდა ნანატრი დღე, 2021 წლის  8 აპრილს მე და ჩემი მეგობრები პედაგოგებთან ერთად ვეწვიეთ თბილისის სამხატვრო აკადემიის ეზოში მდებარე კოპწია შენობას - ლურჯი სუფრის სახელოსნოს, ქალბატონმა რუსუდანმა დეტალურად გაგვაცნო ლურჯი სუფრის ისტორია. მისი თქმით, საღებავი შვეიცარიიდან ჩამოაქვთ, ხოლო სუფრაზე დატანილია როგორც ნადირობის ამსახველი სცენები, ასევე ქართულ სამოსში გამოწყობილი ქალი, მამაკაცი და ქართული ანბანის ასოები. ასევე გავიგეთ, რომ ისინი ამზადებენ სააღდგომო სუფრასაც, რომლის შესაქმნელად იყენებენ ბუნებრივ წითელ საღებავს (ენდროს). 


ლურჯი სუფრის სახელოსნოს დამფუძნებელმა, ქალბატონმა თინათინმა გვიამბო, რომ ისინი ძირითადად სუფრის დასამზადებლად გამოიყენებენ ბუნებრივ ქსოვილებს -  სელსა და ბამბას. მისი ნებართვით, მე და ჩემს მეგობრებს საშუალება მოგვეცა, რომ ქართული კულტურის უძვირფასესი ძეგლის 
შექმნაში მიგვეღო მონაწილეობა. 

    სუფრის დამზადება საკმაოდ რთული, საპასუხისმგებლო და სასიამოვნო აღმოჩნდა, არასოდეს დაგვავიწყდება ის წამი, როდესაც ,,კლიშეს" ( კლიშე - Cliché ფრანგ.  ) საბეჭდო ფორმაიყენებენ საილუსტრაციო ორიგინალების მაღალი ბეჭდვის ხერხით წარმოებისათვის) შევეხეთ... ძალიან ვნერვიულობდით, თუმცა ბატონმა ვახტანგმა დაგვამშვიდა, დაგვმო- ძღვრა, ხელი შეგვაშველა და დიდ ხელოვნებას გვაზიარა... რამდენიმე წამის შემდეგ ჩვენი განწყობა შეიცვალა, განვიცდიდით ძალიან დიდ სიხარულსა და ბედნიერებას... ჩვენ ხომ ამ დღეს ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლი საკუთარი ხელით შევქმენით.

მე და ჩემი მეგობრები ყველას გავაცნობთ ქართული ლურჯი სუფრის ისტორიას. 


ელენე არსენაძე - საპროექტო ჯგუფის წევრი


მადლობა ქალბატონ თინათინს, ბატონ ვახტანგს და ლურჯი სუფრის სახელოსნოს შემოქმედებით კოლექტივს