Saturday, April 10, 2021

ჩვენი მინი-კვლევა - დედაენა არის უწინარესი

 

მატერიალური კულტურის ძეგლების მსგავსად, ჩვენი ფიქრისა და ზრუნვის საგანია არამატერიალური კულტურის ძეგლი - დედაენა…. როგორც ვიცით, 1876 წელს იაკობ გოგებაშვილმა გამოსცა ,,დედაენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის.“ შალვა გოგებაშვილის თქმით, სიკვდილის წინ იაკობს ნატვრით უთქვამს: ,,დედაენა“ დიდი რამეა ჩვენი ერისთვის, მხოლოდ ის მაფიქრებს, რომ წერა-კითხვის საზოგადოებამ კარგად მოუაროსო.“ ,,წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ,“ მართლაც, გაითვალისწინა დიდი ერისკაცის  ნატვრა: ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1876-1925 წლებში ,,დედაენა“ 45-ჯერ გამოიცა, საბედნიეროდ, ამ გამოცემებში ჯერ კიდევ   იგრძნობოდა გოგებაშვილის დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპი და ანალიზურ-სინთეზური მეთოდი, მაგრამ  1935 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა, დაიწყეს საანბანე წიგნის ,,დაუნდობელი“ გადაკეთება-გადამუშავება. ყველას გვახსოვს ,,დედაენა“ საბჭოთა თემატიკით (ლენინი, სტალინი, ბერია, საბჭოთა არმია), რომელიც ეწინააღმდეგებოდა გოგებაშვილის პრინციპებს.... წლების განმავლობაში ცვლიდნენ იაკობის ,,დედაენას,“ , წიგნში შეტანილი ცვლილებები თვითმიზნური იყო და მხოლოდ ავტორობის გამართლებას ემსახურებოდა.  იაკობის თქმით: ,,ენის სიცოცხლე იწყება ფრაზებიდან და რამდენადაც ადრე გადახვალთ ფრაზებზე, იმდენად უფრო უკეთესია, ამ საიდუმლოს - კითხვის მნიშვნელობას, ყმაწვილი მხოლოდ ფრაზებით იგებს და გრძნობს...“ ამიტომ 32 საანბანე გაკვეთილიდან პირველი ოცდახუთი ერთსიტყვიანია, 26-27 - ორსიტყვიანი და 28-32  - სამსიტყვიანი. გაკვეთილის საანბანე სიტყვა უნდა ყოფილიყო  ბავშვისთვის კარგად ნაცნობი, პატარას სურათით უნდა გაეგო, რა ეწერა სურათის ქვეშ, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ე. წ. ,,დიდი წიგნების კითხვას“ არ ეწინააღმდეგება და, პირიქით, ხელსაც უწყობს მისი გონივრული  ილუსტრირება (სურათი, ნახატი), ერთ მაგალითს გავიხსენებთ, როდესაც ერთ-ერთ სახელმძღვანელოში საათი ჩაანაცვლეს თასით და დაიბნა ბავშვი, არ იცოდა, თასი ეთქვა, ჯამი, თეფში თუ აზარფეშა... სწორედ ასე ,,გადაკეთებულ-გაუარესებულმა“ და უხეშად დარღვეულმა საანბანე ტექსტის სტრუქტურამ დაგვიჩაგრა  იაკობის ,,დედაენა“ და, როგორც საბა-სულხანი იტყოდა, ,,საწანახდენოდ“ აქცია საქმე, რადგან ავტორობის გამართლების მცდელობა ,,არსად ისე დამღუპველი და დამამხობელი არ არის, როგორც ხალხის განათლებაში... მეტადრე იქ, სადაც დედაენას ზოგიერთნი ეპყრობიან ისე, როგორც ავი დედინაცვალი თავის მოძულებულ გერსა.“ საბედნიეროდ, 2008 წელს ,,დედაენის“ მიმსაკუთრებელ-მიმთვისებელთა წინააღმდეგ გაილაშქრა  ,,გოგებაშვილის საზოგადოებამ,“ რის შემდეგაც  (2013 წელს), კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ,,დედაენას“ - საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილისეულ მეთოდს -  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მიიღო კანონი ,,დედაენის“ დასაცავად, შეიქმნა კომისია, რომელმაც იხელმძღვანელა იაკობის პრინციპით: ,,საანბანე წიგნი არის ენობრივი სახელმძღვანელო,  მან ბავშვს უნდა ასწავლოს კარგი ქართული და შეაყვაროს დედაენა.“ აღნიშნული გადაწყვეტილებით, 1912 წლის გამოცემის საფუძველზე მოამზადეს საანბანე სახელმძღვანელო და  2019 წელს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას დაუბრუნდა გოგებაშვილის ,,დედაენა“. 2016 წელს იუნესკოს მიერ ქართული ანბანის სამივე სახეობას (დედაენითურთ) საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.  

     იაკობის თქმით, ,,საანბანე წიგნი არის ენობრივი სახელმძღვანელო,  რომელმაც  ბავშვს უნდა ასწავლოს კარგი ქართული და შეაყვაროს დედაენა“და  ჩვენ, იაკობის შთამომავალთ, გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჩვენი ენისა და ეროვნების ბურჯის ხსოვნის წინაშე, რომ ვუპატრონოთ და ვუჭირისუფლოთ ,,სიტყვებს წინაპართ მიერ გახედნილთ, დიდი რუსთველის უღელში ნაბამთ,“ დავდგეთ  მშობლიური ენის დაცვის სადარაჯოზე და  ჩვენს მეტყველებაში  ,,ტურა-მელასავით“ შემოჭრილ უცხო სიტყვებს არ დავამახინჯებინოთ ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა...“ ერთი პოეტის თქმისა არ იყოს:

,,ყველა ენას დიდება და ვარდთა ფენა,

უცხო სიტყვას ქართულ გულის ნათელი,

მაგრამ..მაგრამ.. დედაენა, დედაენა

დედაენა არის უწინარესი.“

 საპროექტო ჯგუფის

No comments:

Post a Comment