Tuesday, April 13, 2021

ჩვენი იაპონელი მეგობარი ჰაიატე სოტომე


 მე და ჩემმა მეგობრებმა, ჩვენი პროექტის ხორცშესასხმელად,  გადავწყვიტეთ, შევხმიანებოდით საქართველოს ისტორიით, მატერიალური და არამატერიალური კულტურით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბევრი ძიებაც არ დაგვჭირდა, სოციალურ ქსელში მალევე აღმოვაჩინეთ საქართველოს დიდი მეგობარი, ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორი, ანსამბლ ,,რუსთავისა’’ და ბორჯღალოსანთა თარჯიმანი ბატონი ჰაიატე სოტომე.

ბატონმა ჰაიატემ საქართველოს შესახებ შეიტყო ტოკიოს უნივერსიტეტში სწავლისას, როდესაც ერთ-ერთმა პედაგოგმა სტუდენტებს აჩვენა აბულაძის ფილმი ,,მონანიება’’. ამის შემდეგ მან დაიწყო ქართული ანბანის შესწავლა და 2011 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ამ დღის შემდეგ ის დაუმეგობრდა ჩვენს ქვეყანას.

    ...მალევე დავუკავშირდით ბატონ ჰაიატეს, რომელიც, სამწუხაროდ,  არ იმყოფებოდა საქართველოში, მაგრამ, მიუხედავად სიშორისა, დაგვპირდა, რომ აუცილებლად ჩაგვერთვებოდა იაპონიიდან.

   გათენდა 13 აპრილის დილა. საპროექტო ჯგუფის წევრები სულმოუთქმელად ველოდებოდით სასურველ სტუმართან შეხვედრას. მალე გავიგონეთ მისი ხმა, ის ემოციებითა და დიდი სიყვარულით გვესაუბრებოდა ჩვენს სამშობლოზე, ქართულ ენაზე, ტრადიციებზე. გვიამბო, როგორ წაიკითხა მოხსენება თსუ-ში ილია ჭავჭავაძის ,,კაცია - ადამიანზე’’, ყურადღება გაამახვილა რუსეთის კოლონიზატორულ მიზნებსა და იმ ტკივილზე, რომელიც უკავშირდება ბატონყმობისდროინდელი საქართველოს ყოფას.

    ჩვენ ვამაყობთ ასეთი უცხოელი მეგობრებით, გვიხარია, რომ მათთვის საქართველო მნიშვნელოვანია, ბედნიერები ვართ, რომ  დღეს მათი  დამსახურებით ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას  უფრო მეტი ადამიანი ეზიარება.


ელენე არსენაძე - საპროექტო ჯგუფის წევრი

No comments:

Post a Comment