N32 საჯარო სკოლის საპროექტო ჯგუფის წევრები ვაგრძელებთ საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ვგეგმავთ მათთან გასაუბრებას. ძიების შედეგად აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, კავკასიოლოგი, სებასტიან მინკნერი. ის წარმოშობით გერმანიიდნაა, 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ბატონი სებასტიანი საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა და ამის შემდეგ დიდი სიყვარული აკავშირებს ჩვენს ქვეყანასთან. მან საუბრისას თქვა: ,,გულით უფრო ქართველი ვარ, ვიდრე გერმანელიო'' და ამ სიტყვებით ჩვენი გული მოინადირა. ბატონმა სებასტიანმა საინტერესოდ გადმოგვცა ისტორია ასურეთის შესახებ, გვიამბო იმ გერმანელებზე, რომლებიც 1817-1818 წლებში, რელიგიური და პოლიტიკური მიზნების გამო, ჩამოვიდნენ და დასახლდნენ საქართველოში. ასევე გაგვაცნო ასურეთის არქიტექტურა და გავიგეთ, რომ იქ სახლები გერმანული სტილით იყო აშენებული.
ბატონ სებასტიანთან შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა. ვებინარში ჩაერთნენ მშობლები, ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და გეოგრაფიის პედაგოგები, მოსწავლეები. პედაგოგმა ლუიზა ყურაშვილმა გაიხსენა აფხაზეთი, კერძოდ, ახალდაბა, რომელიც არქიტექტორული სტილით მსგავსია ასურეთისა. დავსვით კითხვები და ჩვენი სტუმრისაგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ბატონი სებასტიანის სახით N32 საჯარო სკოლამ შეიძინა არაჩვეულებრივი მეგობარი. დავსახეთ სამომავლო გეგმებიც, ჩვენი სტუმარი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება არქიტექტორ-რესტავრატორ, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელ დირექტორ ქალბატონ ნესტან თათარაშვილთან შეხვედრაში, ვგეგმავთ ასევე ექსკურსიას, ბატონი სებასტიანი გაგვიწევს მეგზურობას და, ვფიქრობთ, ამ ფორმით უფრო ღრმად და საფუძლიანად გავეცნობით ამ ულამაზეს კუთხესა და გერმანულ-ქართულ კულტურას.
შეხვედრა➔➔➔
No comments:
Post a Comment