24 აპრილს VIII-X კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად დავათვალიერეთ ძველი თბილისი, კერძოდ, აბანოთუბანი. ჩვენმა ექსკურსიამძღოლმა, ტკბილქართულით მოსაუბრე ისტორიკოსმა, ,,კონკორ თრეველის“ გერმანულ-ქართულენოვანმა გიდმა, ავთანდილ ებრალიძემ, დაგვათვალიერებინა ღირშესანიშნავი ადგილები (მეტეხი, ანჩისხატი, სიონი, გოგირდის აბანოები, წმინდა აბოს სახელობის ტაძარი, სომხური ეკლესია, მეჩეთი, ნარიყალა, არქეოლოგიური გათხრები...). გაგვაცნო საინტერესო და ჩვენთვის უცნობი ინფორმაციები ძველი თბილისის შესახებ. ჩვენი საფეხმავლო ტური დაიწყო ავლაბრიდან, მოვილოცეთ მეტეხის ტაძარი, ვესაუბრეთ მამა ანტონს, მოვინახულეთ და პატივი მივაგეთ ქრისტიანობისათვის წამებული შუშანიკ დედოფლის საფლავს. ბატონმა ავთანდილმა შეგვახსენა ყოფილი პრეზიდენტის, შევარდნაძის, როლი ბერლინის კედლის დანგრევაში, გვაჩვენა გერმანიიდან ჩამოტანილი 3 მეტრიანი კედელი, რომელიც სიმბოლოა ამ კედლით შუაზე გაყოფილი მსოფლიოს გაერთიანების. დავათვალიერეთ გოგირდის აბანოები და განსაკუთრებით მოვიხიბლეთ ორბელიანისეული „ჭრელი აბანოს“ ისტორიით. გზაში ჩვენმა გიდმა გაგვაცნო ქალაქის ქუჩების ისტორიები, გვესაუბრა ღვინის აღმართზე, თათრის მოედანზე, გოლოვინის პროსპექტზე, ქალაქის განაშენიანებაზე, არქიტექტურაზე, იტალიური ეზოების მნიშვნელობაზე, ხალიჩების დამზადების ისტორიაზე... ფოტოები გადავუღეთ უამრავ არამატერიალურ და მატერიალური კულტურის ძეგლს. ჩვენი მოგზაურობა ე.წ. „კონკანსთან“ დასრულდა. შინ ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით. ჩვენი ცნობიერება ამაღლდა, რადგან ამ დღეს ლამაზადმოუბარი ექსკურსიამძღოლისაგან ბევრი რამ გავიგეთ თბილისის შესახებ.
No comments:
Post a Comment