Wednesday, April 14, 2021

გასაუბრება იაპონელ ქართველოლოგ - იასუჰირო კოჯიმასთან

     ჩვენი საპროექტო ჯგუფი დაუკავშირდა ტოკიოს უნივერსიტეტის ასოცირებულ მეცნიერს, ლინგვისტს, კავკასიოლოგს, ქართველოლოგსა და მთარგმნელს იასუჰირო კოჯიმას. კაცს, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს ჩვენი სამშობლო და 2019 წელს გამორჩეული ლიტერატურული ქართულით მეტყველებისათვის გადაეცა თსუ ჯილდო.

    იასუჰირო კოჯიმა საქართველოში 1998 წელს ჩამოვიდა. მან 2004 წელს  თარგმნა გამოჩენილი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’’ და იაპონელ საზოგადოებას გააცნო მზიანი გულის შემოქმედის გურული იუმორით გაჯერებული მოთხრობა, როგორც თვითონ აღნიშნავს, მისი თანამემამულეები ძალიან მოიხიბლნენ ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობით და ქართველი ხალხის ურთიერთ დამოკიდებულებით. ამის შემდეგ თარგმნა ვაჟა-ფშველას პოემები და მოთხრობები, გოდერძი ჩოხელის ,,დავიწყების მდინარე’’, ლაშა თაბუკაშვილის ,,მშვიდობით, ქალბატონო’’. 2011 წელს იაპონურ ენაზე გამოსცა ქართული ენის სახელმძღვანელო, მეუღლესთან ერთად შეადგინა და გამოსცა იაპონურ-ქართული ლექსიკონი, ამჟამად თარგმნის კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენას’’ და მალე გამოსცემს ქართული პროზის ანთოლოგიას.  გარდა ლიტერატურის ის თანამემამულეებს აცნობს ქართულ კინოხელოვნებასაც. იაპონიაში, ტოკიოს ცენტრში მისი ინიციატივით ჩატარდა ქართული კინოს ფესტივალი, ქართული ხელოვნებით დაინტერესებულმა იაპონელებმა ნახეს აბულაძის ფილმები ,,ნატვრის ხე’’, ,,მონანიება’’, ,,ვედრება’’... ჩვენი სტუმარი 2022 წელს გემავს კვლავ ჩაატაროს ქართული კინოს ფესტივალი. ბატონ იასუჰიროს უყვარს ბუნება და, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც ახერხებს იმოგზაუროს და გაიცნოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე.

   ბატონი იასუჰირო თავისი ,,დაუჯერებელი’’ ქართულით გვესაუბრა  ლიტერატურაზე, მწერლობაზე, ხელოვნებაზე, საყვარელ მწერლებსა და პოეტებზე, გაგვაცნო  სამომავლო გეგმები, მოგვილოცა დედაენის დღე, 14 აპრილი, დაგვმოძღვრა და წარმატებები გვისურვა.

ჩვენთვის დიდი პატივი იყო გავსაუბრებოდით ადამიანს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მეორე სამშობლო უწოდა და მშობლიური იაპონიის დარად შეიყვარა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ ამ უნიკალურ ადამიანთან შეხვედრით, ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანისათვის 14 აპრილი გნსაკუთრებულად მზიანი და ღირსახსოვარი დღეა. 

ანანო მარგიშვილი - საპროექტო ჯგუფის წევრი


No comments:

Post a Comment