Monday, November 1, 2021

ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური გამოფენა - "უცნობი თბილისი"

ოქტომბრის ბოლო კვირაში პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საინტერესო გამოფენა შემოგვთავაზა: ,,ფოტოებით გაცოცხლებული, მივიწყებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შველას ითხოვს." ქართულის გაკვეთილზე მე და ჩემმა მეგობრებმა ვირტუალურად ვიმოგზაურეთ წარსულში, ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე და ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები.

Friday, June 11, 2021

ტაო-კლარჯეთი


დღეს Teams-ში ძალიან საამაყო და მაინც სევდიან ისტორიაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ... ისტორიულ ტაო-კლარჯეთზე ვისაუბრეთ, გავიხსენეთ აშოტ კურაპალატისდროინდელი საქართველო, არაბთა ბატონობა, ,,უდაბნოთა ქალაქმყოფელი" გრიგოლ ხანძთელი. ჩვენმა პედაგოგებმა - დალი ბუჩუკურმა და ასმათ ჭარელიძემ - გვამოგზაურეს ბერის სამოსელში გამოწყობილი დიდი ერისკაცის ნაკვალევზე. ქალბატონმა დალი ბუჩუკურმა გაგვიზიარა საკუთარი შთაბეჭდილება... ვებინარი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო... ჩვენი მასწავლებლები ჭირისუფლობდნენ საქართველოს... განცდამ იმისა, რა განძი გვქონია, რა დავკარგეთ ჩვენც აგვაღელვა, სულის სიმები აგვითრთოლდა და თვალები მოგვიცრემლიანდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გუმბათმორღვეული ხანძთა, მიწით დაფარული ბანა, გავიხარეთ აღდგენილი ოშკით, ამ ტაძრის დედაბოძით გამაგრებისთვის მადლობა შევწირეთ ვახტანგ ჯობაძეს, კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველ მეცნიერს, რომელიც 1965-85 წლებში თურქეთის ხელისუფლებამ მიიწვია ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესასწავლად. დალი მასწავლებელი იხსენებდა ნანახს და განცდილს, იყო ცრემლიც, სიამაყეც და განცდა იმისა, რომ:

,,საქართველოა საითაც წახვალ,
ყველგან ხახული, ბანა და ოშკი,
არის ვარძია არის ხახული,
არის ხერთვისი, ბანა და ოშკი"...



Thursday, June 10, 2021

ქვევრის ღვინის 8000 წლიანი ისტორია

 ჩვენი საპროექტო ჯგუფის მუშაობის ულამაზესი, შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და ემოციური ფინალი... ქართული სულისა და გენის, კულტურისა და ხელოვნების ზეიმი. არაჩვეულებრივი სტუმრები, ,,შატომარანის" სერთიფიცირების მენეჯერი, ქიმიკოს-დეგუსტატორი ქალბატონი ლელა სამადალაშვილი და შპს ,,ქართული სახლის" მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი ბატონი ვალერიან ვარდოსანიძე, რომელთაც თიმსის საგანმანათლებლო სივრცეში შეკრებილ მოსწავლეებს,  პედაგოგებსა და მშობლებს ჩაუტარეს დაუვიწყარი ვებინარი... საღამო დავიწყეთ მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმით ,,აქ ცხოვრობს ღვინო" და დამსწრე საზოგადოებას შევახსენეთ იუნესკოს 2013 წლის გადაწყვეტილება ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდისათვის  არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ,  შემდეგ  ქალბატონი ლელა გვესაუბრა  ქვევრის ღვინისა და ვაზის  ისტორიაზე,  საღვინე ჭურჭელზე - ქვევრზე,  ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ღვინის გემოვნურ და სამკურნალო თვისებებზე, ბატონმა ვალერიანმა ევროპული ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე,  ქვევრში ღვინის დაყენების წესზე, ალკოჰოლურ დუღილზე ქვევრის ღვინის განსხვავებულ სახეობაზე, ე. წ. ზედაშეზე,  მარნისა და საღვინე ჭურჭლის ჰიგიენაზე, ღვინის დაძმარებისაგან დაცვის მეთოდებზე გაამახვილა ჩვენი ყურადღება...  ჩვენს ვებინარში დაუსწრებლად, ეფექტური და შემეცნებითი ვიდეორგოლით ჩაერთო კომპანია ,,ეიფორიის" თანადამფინანსებელი და მთავარი მეღვინე ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც გაგვაცნო კომპანიის  საქმიანობა, მიზნები, ამოცანები, გვესაუბრა ვაზის კულტურაზე, ჯიშებზე, ტრადიციული და კლასიკური მეთოდით ქართული ღვინის დამზადებაზე..  საინტერესო საუბარმა გააერთიანა სტუმარი და მასპინძელი, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები, სტუმრებისა და საპროექტო ჯგუფის მუშაობა შეაფასეს , თავიანთი აზრი გამოთქვეს და მადლიერება გამოხატეს პედაგოგებმა  ლუიზა ყურაშვილმა, თამუნა ვალიშვილმა, ჟანა დათუაშვილმა, თინა ფორჩხიძემ, მშობელმა ხათუნა ზურაშვილმა, ოთარ გზირიშვილმა,  მოსწავლეებმა მარიამ თათარაშვილმა, ანამარია გობეჯიშვილმა, ნინი ფსუტურმა, საბა ბუხრაძემ, გვანცა გვენცაძემ... 

საქმიანი, დატვირთული, სიყვარულითა და მომავლის იმედით, ქართული კულტურის სიყვარულით გაჯერებული საღამო დავასრულეთ პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ულამაზესი  ლექსით ,,ტაძართა და ვაზთა საგალობელი"...ლექსი გაფორმებული იყო ვიდეორგოლით, რომელიც აერთიანებდა ყველაფერს ქართულს, იმერს და ამერს, მთასა და ბარს, მატერიალურ და არამატერიალურ კულტურას, ქვევრს, ვაზსა და ღვინოს, ეკლესია-მონასტრებს, სასუფრო კულტურას, ცეკვას, ქართულ მრავალხმიანობას, საკრავებს, ულამაზეს ბუნებას... 

როგორც შოთა ნიშნიანიძე ამბობს:

,,ვაზია ჩვენი ბიბლია და ჩვენი ანბანი,
ქართველმა კაცმა გალობაც კი ვაზს მიამგვანა,
დიახ, ვაზია ლხინის ღმერთი, ლხინის უფალი,
ჭირნახულის და ჭირვარამის ჭირისუფალი...
ვაზო, შვილივით ნაზარდოო უთქვამს წინაპარს,
მირონი იცხო და ვაზის ჯვრით გზა გაილამპრა".

ვაზის ჯვარმა უწინამძღვროს, ვაზისა და ღვინის მადლმა დაიფაროს ჩვენი საქართველო...


Wednesday, June 9, 2021

ხუროთმოძღვრული ტაძრების არქიტექტურა და ფრესკები

 სამუდამოდ ჩაიკერება ჩემი და ჩემი მეგობრების მეხსიერებაში 2021 წლის 9 ივნისი - კიდევ ერთი ლამაზი, ნაყოფიერი, ამაღელვებელი და პროდუქტიული დღე ჩვენი სასკოლო ცხოვრებიდან...

დღეს საღამოს საპროექტო ჯგუფის წევრები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები თიმსის საგანმანათლებლო სივრცეში შევიკრიბეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ეროვნულ თემაზე სასაუბროდ, ჩვენი ხელოვნების მასწავლებლებმა, ნათია რობაქიძემ და ქეთი შიუკაშვილმა ჩაგვიტარეს ვებინარი თემაზე: ,,ხუროთმოძღვრული ტაძრების არქიტექტურა და ფრესკები". საინტერესო საუბარში დრო სწრაფად გაგვეპარა, ჩვენმა პედაგოგებმა გვამოგზაურეს წარსულში, გავიარეთ გზა უძველესი დროიდან დღემდე, ქეთი მასწავლებელმა შთამბეჭდავად გვიამბო ქართული ეკლესიების სამშვენისზე - ფრესკებზე, ულამაზესი და ფიქრის აღმძვრელი პრეზენტაციით ვირტუალურად ვიმოგზაურეთ ისტორიის გზა-ბილიკებზე, დავათვალიერეთ დავით გარეჯი, ბაგრატი, ყინწვისი, ვარძია, ბეთანია, სვანეთის ტაძრების ფრესკა-ჩუქურთმები, გავიარეთ გზა ხალხის წიაღიდან გამოსულ, ხალხური იდეებით განსწავლულთა მხატვრობიდან ცივილიზაციის ეპოქამდე, მოვიხიბლეთ არქიტექტორასთან პეიზაჟების საოცარი შერწყმით, დავინახეთ ბიზანტიური სკოლის გავლენა ქართულ ფერწერაზე... ნათია მასწავლებელი ბაგრატის ტაძრის ისტორიასა და ქართული ეკლესია-მონასტრების გუმბათების სახეობებზე გვესაუბრა, შთამბეჭდავი პრეზენტაციით - ,,ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია ავთენტური ნაწილების ახალ სხეულებში წარმოდგენა თუ იმიტაცია" - დაგვაფიქრა ისტორიული წარსულის სიდიადეზე,შეეხმიანა ჩვენი ნორჩი ჟურნალისტების ქუჩის გამოკითხვასა და არგუმენტირებულ ესეებად გარდასახულ კომპლექსურ დავალებებს.. ბევრი ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ... მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.. სასურველია, რომ ტაძრებს რესტავრაციისას შევუნარჩუნოთ სიძველე და არ დავუკარგოთ ავთენტურობა, ჩვენი დაუდევრობა-დაუფიქრებლობით არ ვუმტროთ წინაპართა ღვაწლს, არ დავმართოთ სხვა ტაძრებს ის, რაც გავუკეთეთ ბაგრატს...

Tuesday, June 8, 2021

სახალხო დღესასწაული ,,ბერიკაობა“ ატარებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს

 32-ე საჯარო სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ისწავლება არჩევითი საგანი ,,ფოლკლორი და მითოლოგია.“ ,,ბერიკაობით“ დაინტერესებული მოსწავლეები გაერთიანდნენ და თეატრალიზებული სანახაობაც მოაწყვეს, თავად დაამზადეს ნიღბები,სამოსი და იმპროვიზებულად წარმოადგინეს ის, რასაც წინაპრები დიდი გულმოდგინებით ატარებდნენ ხოლმე. პანდემიის გამო ვერ მოხერხდა უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიება, სამაგიეროდ ინფორმირებულები არიან ამ სახალხო დღესასწაულის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ქალაქ თბილისში ძეგლიც კი დგას ბერიკებისა, რომელიც დაათვალიერა საპროექტო ჯგუფმა და ყეენის მთაც მოვინახულეთ, სადაც საოცარი ,,საქართველოს მატიანეა“ გადაშლილი. გაჰყურებ თბილისის ზღვას და გესმის წინაპართა ძახილი:

-,,ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?“

-,,ჩვენ მოვდივართ!“

იგი ოდითგანვე დიდი მოწონებით სარგებლობდა და ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა საქართველოში.ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი). ალბათ, ამიტომაც ეს დღესასწაული გაზაფხულზე, გამრავლებისა და ბუნების გამოღვიძების პერიოდში იმართებოდა.

ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული.

დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია

და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო.საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბერიკაობა, რომელსაც ზოგჯერ 100-მდე შემსრულებელი ჰყავდა. მისი ტრადიციული ნიღბები იყვნენ:მეფე (სასიძო), კეკელა (სარძლო),მაჭანკალი, გლეხი, თავადი, თათარი, მოსამართლე, ექიმი, ხუცესი, აგრეთვე ტახი, დათვი, თხა და სხვა ცხოველები. დიდ ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ (ქალებისა და მოზარდების ბერიკაობა ცალკე იმართებოდა). საქართველოში ცნობილი ბერიკები იყვნენ XVIII საუკუნეში ოთარ ნორიოელი და ოიანა-ბუიანა, XIX საუკუნის I ნახევარში — აბელ რევაზიშვილი. 

XXI საუკუნეში ბერიკები თბილისშიც გამოჩნდნენ.

დღეისათვის, დიდმარხვის ყველიერის კვირაში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში, დროდადრო ჩნდებიან ხოლმე ბერიკები – სახალხო თეატრალიზებული წარმოდგენების მონაწილეები.


,,ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია“ - მოსწავლის თვალით დანახული პროცესი

32-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები საბა და ლუკა ბუხრაძეები იმ ტრადიციულ ოჯახში იზრდებიან, ვაზისა და ღვინის კულტურას რომ მიაგებენ პატივს და ქვევრის ღვინის წარმოების საკუთარი გამოცდილება აქვთ. ბიჭები პატარაობიდანვე ხედავენ უფროსების ძალისხმევას, შრომას და რუდუნებას რთველის, ღვინის დაყენებისა და რეალიზების შესახებ.ახსოვთ, როგორ დაინტერესდნენ ჯერ კიდევ პატარები, როგორ ბაძავდნენ უფროსებს და ახლაც, თბილისიდან ჩასულები როგორ ეხმარებიან პაპას ყურძნის დაწურვაში.


Saturday, June 5, 2021

მექვევრეობის ძირძველი ტრადიცია გურიაში! - ბიჭიკო ჩხაიძე - მექვევრე და მეფუტკრე!

ბიჭიკო ჩხაიძე ტრადიციული ოჯახის შვილია და ფლობს მექვევრეობის უძველეს დარგს. იცის ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია. მისი მშობლიური სოფელი აცანა ახლო წარსულში მექვევრეების სიმრავლითაც გამოირჩეოდა, თუმცა ახლა ეს ტრადიცია აღარ გრძელდება.მომავალ თაობას არ აინტერესებს ქვევრის დამზადება, რადგან უფრო მარტივი საშუალებანი არსებობს. თუმცა ქვევრის ოსტატი აღნიშნავს, რომ იუნესკოს აღიარებამ ადამიანები დააინტერესა და უპირატესობას ანიჭებენ ქვევრის ღვინოს. აცანაში დამზადებული ქვევრის ღვინო ცნობილი იყო ოდითგანვე მაღალი ხარისხით. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იმთავითვე გათვალისწინებული გახლდათ.

მექვევრეობა და მეფუტკრეობა - ორი შესანიშნავი საქმე შეუხმატკბილა ერთმანეთს მუყაითმა და გამრჯე ახალგაზრდამ. უყვარს თავისი საქმე.ჯიშსა და ჯილაგს ვერ ღალატობს,წინაპრების ძახილს ყურს უგდებს და  ეფერება თიხას.ეს ტალახიც სოფლის მონაპოვარია.მოთხარო, მოიტანო, მოზილო, გამოძერწო, გამოწვა და... ვინ იცის.... რამდენი ფიქრი და სატკივარი, სიხარული და იმედი უნდა ამოაგვირისტო, ჭურად აქციო და... ჯადოსნური სითხით შეავსო, რომელიც იდუღებს და იშუშხუნებს, ძარღვებს დაივლის და ზოგს გააგიჟებს, ზოგს დააწყნარებს, ზოგს აამღერებს, ზოგს დააბერებს... ამიტომაც ჩვენი ბიჭიკოც ღიღინ-ღიღინით აკეთებს თავის საქმეს, რომ სულ სიმღერით გაილიოს ეს მადლიანი წუთისოფელი...





Friday, June 4, 2021

მასტერკლასი ვიკიჯაბასგან


2021 წლის 4 ივნისს საპროექტო ჯგუფის წევრები, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრის მოლოდინში, სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში შევიკრიბეთ... თითოეული ჩვენგანი, მოსწავლე და მასწავლებელი, გულისფანცქალით ველოდით სასურველ სტუმარს - ქართული ვიკიპედიის რედაქტორს, ვიკი-კლუბის დამფუძნებელს, სურამის N2 საჯარო სკოლის მენტორ მასწავლებელს, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრს, ქართულ-დანიური პარტნიორობის ექსპერტ-მასწავლებელს, ისტორიკოს ჯაბა ლაბაძეს.

დადგა ნანატრი წუთი, ბატონმა ჯაბამ ჩვენი სკოლის ეზოში შემოაბიჯა... მეგობრულად მოგვესალმა და მოგვიკითხა, შეხვედრა ძალიან დროული და პროდუქტიული გამოდგა, ბატონმა ჯაბამ აგვიხსნა რა არის ვიკიპედია, გვაჩვენა, თუ რა კონფიგურაცია უნდა დავაყენოთ და გამოვიყენოთ ვიკიპედიაში, გვასწავლა დარეგისტრირების მეთოდები, ჩაგვიტარა პრაქტიკული გაკვეთილი, ვიკიჯგუფის წევრებმა გავიარეთ რეგისტრაცია, შევასრულეთ დამოუკიდებელი სამუშაო, სტუმრისაგან მივიღეთ საჭირო რჩევა-დარიგებები, ვისაუბრეთ ვიკი-კლუბებზე, სტატიების წერაზე, თარგმნასა და ვიკიპედიაში განთავსების წესებზე, ვიკი-ბმულების, ე. წ. ჰიპერლინკების ჩასმაზე, წყაროებისა და სქოლიოს გამოყენებაზე, წყაროების სახეობებზე... დავსვით შეკითხვები და მივიღეთ ამომწურავი პასუხები, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა...
ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ტყვეობაში ვარ, შეხვედრის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები კმაყოფილებასა და მადლიერებას ვერ ვფარავდით. ახლა უკვე ვიცით, რომ ჩვენი საპროექტო ჯგუფი დავალებას პირნათლად შეასრულებს, ასეთი ლექცია და პრაქტიკული სამუშაო გვაძლევს იმედს, რომ შევძლებთ მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმის ისტორია შევქმნათ და განვათავსოთ ვიკიპედიაში...

- ნიკა შიტიკოვი

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ჩვენი საპროექტო ჯგუფის მუშაობას ასე გამოეხმაურა:

Thursday, June 3, 2021

ქართული სუფრა

 აკაკი წერეთლის "თორნიკე ერისთავის" შესწავლის შემდეგ მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები ქართულ სასუფრო ტრადიციებზე და გაამზადეს პრეზენტაციები 


Friday, May 28, 2021

ქვევრის ღვინის დამზადება - სტუმრად პაპა თამაზის მარანში

 გადავწყვიტეთ საფუძვლიანად გავცნობოდით ქვევრის ღვინის წარმოების ტექნოლოგიას. ამ მიზნით ჩვენი თანაკლასელი გიორგი მესხიძე გაემგზავრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში გაესაუბრა მეღვინე თამაზ გოთვაძეს, ჩაიწერა ინტვერვიუ, დაათვალიერა მისი მარანი და თბილისში დაბრუნებულმა გაგვიზიარა შთაბეჭდილებები. 

Wednesday, May 26, 2021

ქართული სულის ზეიმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ულამაზეს სააქტო დარბაზში ზეიმობდა ქართული სული, საღამოს ორგანიზატორი და მასპინძელი, ქალბატონი მარიკა ზედელაშვილი სიყვარულითა და სითბოთი ეგებებოდა სტუმრებს... ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას - მოგონება... სევდიანმა და უჩვეულოდ თბილმა საღამომ გაგვახსენა მერაბ კოსტავა და 18 წლის ბეგი მამალაძე... ნორჩი დეკლამატორები კითხულობდნენ ლექსებს, ჟღერდა უჩვეულოდ ლამაზი მელოდია... საღამოს მონაწილეებს ჩვენი მოსწავლეებიც შეუერთდნენ, ეკატერინე ნავოიანმა შეკრებილთ ბეგი მამალაძის შემოქმედებით აღძრული შთაბეჭდილებები გაუზიარა და წაიკითხა ჩანახატი ,,კიბე ცამდე," რატი მეტრეველმა ააჟღერა მელოდია, რომელიც კომპოზიტორმა გია ყანჩელმა შექმნა სპექტაკლისთვის ,,რიჩარდ მესამე"...
გაზაფხულის მშვიდი და თბილი საღამო კლასიკური მუსიკის ჰანგებმა დაგვიტკბო და გაგვილამაზა... დავემშვიდობეთ გულთბილ მასპინძელს, რომელმაც გვისახსოვრა მერაბ კოსტავას ლექსების კრებული და ბეგის ნახატი ,,დიდგორის ბრძოლა"... ფეხით დავადექით გზას, რომელიც მოგონებებსა და შთაბეჭდილების ტყვობაში მყოფთათვის სწრაფად გაილია, მოვდიოდით, ერთმანეთს ვუზიარებდით განცდებს და ვფიქრობდით ორი შემოქმედის - მერაბ კოსტავასა და ბეგი მამალაძის - ფიქრის საგანზე, შეჭირვებულ საქართველოზე და ვოცნებობდით საყვარელი მამულის გამთლიანებაზე...

Tuesday, May 25, 2021

შეხვედრა ნინო ზედელაშვილთან

 25 მაისს ჩვენი საპროექტო ჯგუფის წევრები, ქართული კულტურით, საქართველოს ბუნების სილამაზით, პროზითა და პოეზიით დაინტერესებული ადამიანები Teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში შევიკრიბეთ და ამაოდმოუბარ ქალბატონებს ვუმასპინძლეთ... საღამო დავიწყეთ უჩვეულოდ ლამაზი გუდამაყრის ხეობის საცნობარო ფოტოკოლაჟით, რომელსაც ამშვენებდა დეკანოზ თავმაზ ჩოხელის სიმღერა და ამონარიდები გოდერძი ჩოხელის ლექსებიდან. გუდამაყარის ხეობაზე, მის ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე ვებინარი ჩაგვიტარა პოეტმა, პუბლიცისტმა, გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფმა, ქალბატონმა ნინო ზედელაშვილმა. ქალბატონმა ნინომ ბევრი რამ გვიამბო, უპასუხა ჩვენს კითხვებს, გაიხსენა ჩოხელის პროზა, პოეზია, დაწვრილებით განვიხილეთ და გავაანალიზეთ საოცარი ფილმი ,,სამოთხის გვრიტები," გავიგეთ, პატარა გოდერძის როგორ ,,დაუძახა კინომ", წლების შემდეგ როგორ ჩაირიცხა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და როგორ იქმნებოდა არაჩვეულებრივი ფილმები: ,,აღდგომა", ,,ლუკას სახარება", ,,ადამიანთა სევდა" ,,ადგილის დედა"...

ვებინარის მეორე ნაწილში ექვსი წლის წინ (2015 წლის 25 მაისს) მუხანათურად მოკლული ახალგაზრდა შემოქმედი ბეგი მამალაძე გავიხსენეთ, ვისაუბრეთ მის ნოველებზე, ლექსებზე, ნახატებზე, ჩვენმა სტუმრებმა, ბეგის დედამ, ქალბატონმა მარიკა ზედელაშვილმა და ახალგაზრდა კომპოზიტორმა თაკო კერესელიძემ ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედის ხანმოკლე ცხოვრების საინტერესო და სევდიანი ისტორიები გაიხსენეს... საინტერესო საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ვსვამდით კითხვებს, რადგან გვინდოდა, მეტი გაგვეგო ჩვენს თანატოლ ბიჭზე, რომელიც თავის სიყვარულიან სამყაროში იწვევდა ყველას და გვაცნობდა საქართველოს, სადაც ,,შავლეგოს მღერიან", ვებინარის მონაწილეებმა ერთხმად დავგმეთ ძალადობა. საინტერესო და სევდიანი ,,ფიქრთ გასართველი" საღამო დავასრულეთ კომპოზიტორ ნანა ბალახაშვილის ,,სამყაროს ჰიმნით," ულამაზეს მელოდიას, იმედიანი ხვალინდელი დღის საწყისივით, თან სდევდა და თავისებურ ხიბლს სძენდა ჩვენი სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტოკოლაჟი.

მადლობა ვებინარის ყველა მონაწილეს, სტუმრებს, ორგანიზატორებს, #32 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებს, საპროექტო ჯგუფს ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი შეხვედრის ორგანიზებისათვის.
- ელენე არსენაძე




Friday, May 21, 2021

კალიგრაფიის გაკვეთლი - ლელა გაფრინდაშვილი

 ქალბატონი ლელა გაფრინდაშვილი ვებინაზე დაგვპირდა, რომ ძალიან მალე ჩაგვიტარებდა კალიგრაფიის გაკვეთილს.. საპროექტო ჯგუფის წევრებმა თავი მოვუყარეთ ლამაზად წერის ხელოვნების შესწავლა-გაცნობის მსურველთ, Teams-ში შევქმენით კალიგრაფისტთა წრე და რამდენიმე დღე ამ შეხვედრაზე ფიქრში გავატარეთ. აი, დადგა ნანატრი წუთიც, შეხვედრა დაიწყო, ქალბატონმა ლელამ გვაჩვენა საინტერესო ფოტოკოლაჟი და გვესაუბრა ქართულ ანბანზე, მის სილამაზეზე. საწერ საშუალებებზე. ჩაგვიტარა მასტერკლასიც, ის ჩვენ თვალწინ აგვირისტებდა და აჩუქურთმებდა ულამაზეს ასოებს... გვაჩვენებდა ერთი და იმავე ასოს მოხაზვის სხვადასხვა ვერსიას... თეორიული და პრაქტიკული წვრთნის შემდეგ დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების ჯერი დადგა, დაიწყო ყველაზე დაძაბული და ემოციებით სავსე წუთები, დიდი მონდომებით შევუდექით წერას, საკუთარი სახელები მოვაგვირისტეთ. შედეგი სასიამოვნო იყო, მოვიხიბლეთ ანამარია გობეჯიშვილის, ანი კოშაძის, გვანცა გვენცაძის, ლიკა ესაკიას, ლიკა მადწავლებლისა და სხვათა ნამუშევრებით. ჩვენმა სტუმარმა მოგვიწონა ნაშრომი და შეგვიქო გულმოდგინება. გაჩნდა იმედი, რომ ძალიან მალე ჩვენი წრის წევრები უფრო ლამაზად დაწერენ დავალებებს და გააფორმებენ გაზეთებს. შეხვედრას ესწრებოდა სვერის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ნინო ციცვიძე, რომელიც გვესაუბრა ქართულ ანბანზე, ლამაზად წერის ხელოვნებაზე, საუბრის ბოლოს შეაფასა ჩვენი პროექტი და წარმატებები გვისურვა.

უღრმესი მადლობა ქალბატონ ლელას საინტერესო გაკვეთილისთვის.

- ანანო მარგიშვილი


Thursday, May 20, 2021

შეხვედრა/ვებინარი ქართული ვიკიპედიის რედაქტორ, ისტორიკოს ჯაბა ლაბაძესთან

 

მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო ვებინარის მონაწილენი გავხდით. ჩვენი სტუმარი გახლდათ ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, ვიკი-კლუბის დამფუძნებელი და უკვე 13 300-ზე მეტი სტატიის ავტორი ამ სივრცეში, სურამის N2 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, ქართულ-დანიური პარტნიორობის ექსპერტ -მასწავლებელი, ისტორიკოსი ბატონი ჯაბა ლაბაძე.

შეხვედრის თემა გახლდათ: ,,ვიკიპედია და კულტურული მემკვიდრეობა.“ მოსწავლეებმა გაიგეს, რომ მათი თანატოლები ვიკი-ჯგუფის წევრები არიან და ქმნიან ისტორიას, ამუშავებენ ინფორმაციას მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული ძეგლების შესახებ და განათავსებენ ვიკიპედიაში. დაიბადა სურვილი ამგვარი მუშაობის, რაზედაც ბატონი ჯაბასაგან მივიღეთ შემოთავაზება. იგი სკოლაში გვეწვევა და სამუშაო შეხვედრას გამართავს ბავშვებთან, დააკვალიანებს მათ, როგორ იმუშაონ. დააიმედა მომავალი თაობა, რომ რთული არაფერია, პირიქით, სასიამოვნო, საპასუხისმგებლო და საშვილიშვილო საქმეს ჩასჭიდებენ ხელს...
ბატონ ჯაბასთან დიალოგში ჩაერთნენ ისტორიის პედაგოგები: დალი ბუჩუკური და ბელა კოშაძე, საპროექტო ჯგუფის წევრები, მასწავლებელი ნათია მალიძე, ასმათ ჭარელიძე. დიდი გულისყურით უსმენდნენ სტუმარს მოსწავლეთა ოჯახის წევრებიც... მოეწონათ ბატონი ჯაბას მრავალმხრივი მოღვაწეობა, ეროვნული სულისკვეთება და ვუსურვებთ წარმატებებს ვიკი-სივრცეში ჩვენი ერის კულტურული მონაპოვრის შესანარჩუნებლად და გამოსამზეურებლად.


სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში

 2021 წლის 20 მაისს საპროექტო ჯგუფის წევრები, მოსწავლეები და მშობლები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვესტუმრეთ... წარსულთან შეხვედრა ძალიან ემოციური, საინტერესო და შთამბეჭდავი საფეხმავლო ტურით დაიწყო... ლამაზი ბუნება სიმწვანით, გაზაფხულის ფერადოვნებითა და მაცოცხლებელი ჰაერით შემოგვეგება. ვიმოგზაურეთ მე-19 საუკუნის საქართველოში, მოვისმინეთ გურული, მეგრელი, აფხაზური, რაჭული, იმერული ოდა-სახლებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ისტორია,..

ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა იმერული ეზო... ხის სახლი, ჭურ-მარანი, სასიმინდე... დავაბიჯებდი იმერულ ეზოში და ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდებოდნენ ბავშვობის ფერადი დღეები.. მერე ეზოში დავსხედით და აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი" გავიხსენეთ, ქორობიას სახე ვუცვალეთ და ბავშვებთან ერთად კორონობია ვითამაშეთ... ოცნების რეალობად ქცევა ვცადეთ, კორონა-ქორს ვაჯობეთ და წიწილა ხელიდან გამოვტაცეთ.. იმედით, მადლიერებითა და ბედნიერებით სავსე გულით დავემშვიდობეთ ულამაზეს სავანეს და დავბრუნდით ჩვეულ გარემოში, სადაც არანაკლებ ამაღელვებელი, დროული და საჭირო ჩართვის მოლოდინი გვქონდა, teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში ქართული ვიკიპედიის რედაქტორი ჯაბა ლაბაძე გვსტუმრობდა...


 

Wednesday, May 19, 2021

კულტურული მემკვიდრეობის ღია მუზეუმის გახსნა!!!


კულტურული მემკვიდრეობის ღია მუზეუმის გახსნას დიდი საზეიმო ელფერი დაჰკრავს... ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები კიდევ ერთხელ გვახსენებენ ჩვენს წარსულს, მეობას, ისტორიას... სკოლის ეზოში გამოვფინეთ კერამიკული დოქები, სასმისები, ქოთნები, ხალიჩები, ეროვნული სამოსი, ქართული სუფრა და ათასი წვრილმანი... გავთავისუფლდით ვირუსის ტყვეობისაგან და ღრმად ამოვისუნთქეთ - სიყვარულით, სიკეთით, ერთობით, თანადგომითა და სილამაზით... ჩვენს სკოლაში ძლიერი მუხტია და ეს გვიჩვენებს, რომ ძალა ერთობაშია!


 



Tuesday, May 18, 2021

18 მაისი - ეროვნული სამოსის დღე!!

სსიპ ქ. თბილისის 32 საჯარო სკოლა კვლავაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად პანდემიისა, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო პროექტებში. ერთ-ერთი მათგანია კულტურული მემკვიდრეობის თემაზე. შექმნილი პროექტი „სათოფურიდან წინაპრები გვითვალთვალებენ“. პროექტის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო კაშია პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად ზრუნავს მომავალი თაობის ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაზე.

დღეს ეროვნული სამოსის დღეა. ამ დღესასწაულმა გააერთიანა მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, თემის წარმომადგენლები... რეგულაციების დაცვით, მაგრამ პატრიოტული სულის კვეთებით აღვსილი ახალგაზრდები აღნიშნავენ რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით მომავალში. ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ვაჟები დადიოდნენ და ულოცავდნენ თემს ჩვენი იდენტობის, კულტურის, ღირსებისა და მეობის აღმნიშვნელ დღეს. მათაც საოცრად უხდებოდათ ქართული სამოსი. სკოლის ეზოში გამოფენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი იწვევდა აღფრთოვანებას, ბედნიერებას, მადლიერებას დღევანდღელი დღის ორგანიზატორების მიმართ.





Sunday, May 16, 2021

სტუმრად კახეთში - დედას პური და ჩურჩხელა - არამატერიალური კულტურის ძეგლი

     დიდი ინტერესით ჩავერთეთ პროექტში "ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა". საპროექტო ჯგუფის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე გავიგეთ, რომ კახური პური (დედას პური) და ჩურჩხელა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებისა და იუნესკოს კონცეფციის მიხედვით, 2015 წლის 7 ნოემბერს არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარეს. გაგვიჩნდა სურვილი, ჩავსულიყავით ჩემს მშობლიურ კახეთში, გავსაუბრებოდით ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ჩვენი თვალით გვენახა და უშუალოდ მათგან მოგვესმინა დედას პურისა და ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია.
     გათენდა 16 მაისის დილა, მე მშობლებისა და მეგობრის თანხლებით ვეწვიე კახეთს. მშობლიური ქიზიყი მაისისათვის დამახასიათებელი სიმწვანითა და ფერადოვნებით შემოგვეგება. დილით ადრე შემოვიარეთ თონეები, დავესწარით პურის ცხობის პროცესს, ვისაუბრეთ დედას პურის დამზადების ისტორიაზე, ტექნოლოგიასა და საზოგადოებრივ გამოცდილებაზე. ასევე დავესწარით კახური ჩურჩხელის ამოვლების პროცესსაც. ქალბატონმა მარიკა ბუთლიაშვილმა დიდი ყურადღებით მოგვისმინა, გულთან მიიტანა საპროექტო ჯგუფის სურვილი, მერე მარნიდან ბადაგი ამოიტანა, სპეციალურად ჩვენთვის თათარა მოადუღა და სახელდახელოდ ჩურჩხელებიც ამოავლო, პარალელურად დაწვრილებით გვიამბობდა "ქართული სნიკერსის" დამზადების წესზე და გვაცნობდა საკუთარ გამოცდილებას.
     მე და ჩემმა მეგობარმა დღე შინაარსიანად და ლამაზად გავატარეთ, ჩვენი საქმიანი ვიზიტი გადავიღეთ და თბილისში დაბრუნებულებმა საპროექტო ჯგუფის წევრებს გავაცანითმადლობა კახეთს - ღვინისა და ვაზის სამშობლოს, მადლობა ქალბატონ მარიკას გულთბილი მიღებისა და უშურველი მასპინძლობისათვის, მადლობა პროექტს "ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა".

 - საპროექტო ჯგუფის წევრი ანანო მარგიშვილი

კულტურული მემკვიდრეობის კვირეული!

კვირეულის გეგმა: 

17.05.21 - ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის:   ) ვიდეორგოლების ჩვენება   ) გაკვეთილების ჩატარება

18.05.21 - ფილმების ჩვენება - განხილვა კვირეულის განმავლობაში ეროვნული სამოსის დღის მილოცვა

18.05.21 - ეროვნული სამოსის გამოფენა

18.05.21  - ნორჩი მხატვრების თვალით დანახული ქართული ეროვნული შესამოსელი

19.05.21 - პოდიუმი - წითელ ხალიჩაზე ეროვნული სამოსის წარდგენა

19.05.21 - კულტურული მემკვიდრეობის ღია მუზეუმის მოწყობდა და გამოფენა

20.05.21 - ნორჩი მხატვრების თვალით დანახული კულტურული მემკვიდრეობა

20.05.21 - მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნა- სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში

20.05.21 - შეხვედრა-ვებინარი ართული ვიკიპედიის რედაქტორ ჯაბა ლაბაძესთან

21.05.21 - ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი ლელა გაფრინდაშვილისაგან და შეხვედრა მხატვარ-კალიგრაფ ქალბატონ ლელა მესხთან

22.05.21 - საფეხმალო ტური თბილისის ზღვაზე: ხალხური ტრადიციული დღესასწაულის - ბერიკაობის იმიტაცია ყეენის მთაზე

22.05.21 - ზურაბ წერეთლის მონუმენტის - ,,საქართველოს მატიანედათვალიეება

24.05.21 - შთაბეჭდილებების დღიური - კვირეულის ანალიზი

                                                   საპროექტო ჯგუფი

Saturday, May 15, 2021

სამუშაო შეხვედრა მაია ტყემალაძესთან

 2021 წლის 15 მაისს საპროექტო ჯგუფის წევრებმა საქმიანი შეხვედრა გავმართეთ ქალბატონ მაია ტყემალაძესთან, რომელსაც 2015 წლის მაისში გაუჩდა იდეა შექმნილიყო ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი" და პოემა ერის გამორჩეულ ადამიანებს გადაეწერათ. წიგნის შექმნაზე ზრუნვა კი 2016 წელს დაიწყეს. რიგითი მოქალაქეები, ერის გამორჩეული მამულიშვილები ,,ვეფხისტყაოსნის" სტროფებს წერდნენ იტალიური ,,ფაბრიანოს" ფირმის ფურცლებზე, რომელიც საუკეთესო ხარისხისაა, დროს უძლებს და არ ხუნდება, საწერად იყენებდნენ აკრილის მელანს რომელიც ასევე საუკუნეებს უძლებს. ქალბატონი მაია გვესაუბრა, როგორ გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა. გავიგეთ, რომ, 21-ე საუკუნის ხელნაწერი პოემა ჭიათურა-საჩხერის მეტროპოლიტის, მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით ასრულდა, ,,ვეფხისტყაოსნის" ყდის ჭედურობა კი მხატვარმა შალვა გელაძემ შექმნა. პოემის გარდა დაიწერა 2 ხელნაწერიც, ერთი მათგანი შთაბეჭდილებების წიგნია, რომელიც ნინო ჭანკვეტაძემ ჯვალოსაგან დაამზადა, ხოლო ქალბატონმა მაიამ ნიჟარებით შემოსა, მეორე - მადლიერების წიგნი, ბუნებრივი მცენარეებით გაფორმდა.

ქალბატონი მაია საქმიან შეხვედრაზე შეგვპირდა, რომ საპროექტო ჯგუფის წევრებს შეგვხვდება სექტემბერში და მისი დახმარებით წილად გვხვდება პატივი ჩვენი ხელწერაც ამშვენებდეს რუსთველის უკვდავ პოემას. 

საპროექტო ჯგუფის სახელით აუწონელი მადლობა ქალბატონ მაიას ამ შემოთავაზებისათვის

მადლიერებით ნიკა შიტიკოვი