დღეს მე და ჩემი თანაკლასელები ძალიან სევდიანი, მაგრამ ამავდროულად შინაარსიანი გაკვეთილის მონაწილენი ვიყავით. ასმათ მასწავლებელმა 25 თებერვალზე დაგვაფიქრა, გვესაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, იმის მიუხედავად, რომ იმ ტრაგედიიდან 101 წელი გავიდა, მაინც გვტკივა და უცრემლოდ ვერ ვიხსენებთ ქვეყნის თავისუფლებას შეწირულ ქართველ იუნკრებს, მოწყალების დას მარო მაყაშვილს. გავიხსენეთ 1921 წლის 25 თებერვლი, დღე, როცა, კოლაუ ნადირაძის თქმით, ,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი", რადგან ჩემს ქვეყანაში ,,შემოდიოდა სიკვდილი ცელით." გავიხსენეთ ჩვენი უახლესი ისტორია, ტკივილადქცეული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი დროის საამაყო ქართველები - ჟიული შარტავა და გიორგი ანწუხელიძე. ვისაუბრეთ ომზე, რომელიც რუსეთმა გააჩაღა უკრაინაში, გავიხსენეთ საომარი მოქმედებების დროს ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანატოლი, 13 წლის ანტონ გერაშჩენკო. დავალებაც ჩვენით შევარჩიეთ, გადავწყვიტეთ, ჩვენებურად, ბავშვურად გაგვეპროტესტებინა ქართველი და უკრაინელი ხალხის ტრაგედია. წერილები მივწერეთ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, პუტინს ვთხოვეთ, შეწყვიტოს სისხლის ღვრა, ზელენსკისა და კლიჩკოს შევუქეთ გამბედაობა და ქვეყნის ერთგულება, ჩვენს თანატოლ უკრაინელებს მოვეფერეთ და მშვიდობა ვუსურვეთ..
საგანძური - ,,ფესვის და ყლორტის მემკვიდრეობა"
Saturday, February 26, 2022
25 თებერვალი
Thursday, February 3, 2022
3 თებერვალი - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
Monday, November 1, 2021
ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური გამოფენა - "უცნობი თბილისი"
Friday, June 11, 2021
ტაო-კლარჯეთი
Thursday, June 10, 2021
ქვევრის ღვინის 8000 წლიანი ისტორია
ჩვენი საპროექტო ჯგუფის მუშაობის ულამაზესი, შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და ემოციური ფინალი... ქართული სულისა და გენის, კულტურისა და ხელოვნების ზეიმი. არაჩვეულებრივი სტუმრები, ,,შატომარანის" სერთიფიცირების მენეჯერი, ქიმიკოს-დეგუსტატორი ქალბატონი ლელა სამადალაშვილი და შპს ,,ქართული სახლის" მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი ბატონი ვალერიან ვარდოსანიძე, რომელთაც თიმსის საგანმანათლებლო სივრცეში შეკრებილ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ჩაუტარეს დაუვიწყარი ვებინარი... საღამო დავიწყეთ მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმით ,,აქ ცხოვრობს ღვინო" და დამსწრე საზოგადოებას შევახსენეთ იუნესკოს 2013 წლის გადაწყვეტილება ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდისათვის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ, შემდეგ ქალბატონი ლელა გვესაუბრა ქვევრის ღვინისა და ვაზის ისტორიაზე, საღვინე ჭურჭელზე - ქვევრზე, ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ღვინის გემოვნურ და სამკურნალო თვისებებზე, ბატონმა ვალერიანმა ევროპული ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ქვევრში ღვინის დაყენების წესზე, ალკოჰოლურ დუღილზე ქვევრის ღვინის განსხვავებულ სახეობაზე, ე. წ. ზედაშეზე, მარნისა და საღვინე ჭურჭლის ჰიგიენაზე, ღვინის დაძმარებისაგან დაცვის მეთოდებზე გაამახვილა ჩვენი ყურადღება... ჩვენს ვებინარში დაუსწრებლად, ეფექტური და შემეცნებითი ვიდეორგოლით ჩაერთო კომპანია ,,ეიფორიის" თანადამფინანსებელი და მთავარი მეღვინე ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც გაგვაცნო კომპანიის საქმიანობა, მიზნები, ამოცანები, გვესაუბრა ვაზის კულტურაზე, ჯიშებზე, ტრადიციული და კლასიკური მეთოდით ქართული ღვინის დამზადებაზე.. საინტერესო საუბარმა გააერთიანა სტუმარი და მასპინძელი, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები, სტუმრებისა და საპროექტო ჯგუფის მუშაობა შეაფასეს , თავიანთი აზრი გამოთქვეს და მადლიერება გამოხატეს პედაგოგებმა ლუიზა ყურაშვილმა, თამუნა ვალიშვილმა, ჟანა დათუაშვილმა, თინა ფორჩხიძემ, მშობელმა ხათუნა ზურაშვილმა, ოთარ გზირიშვილმა, მოსწავლეებმა მარიამ თათარაშვილმა, ანამარია გობეჯიშვილმა, ნინი ფსუტურმა, საბა ბუხრაძემ, გვანცა გვენცაძემ...
საქმიანი, დატვირთული, სიყვარულითა და მომავლის იმედით, ქართული კულტურის სიყვარულით გაჯერებული საღამო დავასრულეთ პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ულამაზესი ლექსით ,,ტაძართა და ვაზთა საგალობელი"...ლექსი გაფორმებული იყო ვიდეორგოლით, რომელიც აერთიანებდა ყველაფერს ქართულს, იმერს და ამერს, მთასა და ბარს, მატერიალურ და არამატერიალურ კულტურას, ქვევრს, ვაზსა და ღვინოს, ეკლესია-მონასტრებს, სასუფრო კულტურას, ცეკვას, ქართულ მრავალხმიანობას, საკრავებს, ულამაზეს ბუნებას...
როგორც შოთა ნიშნიანიძე ამბობს:
,,ვაზია ჩვენი ბიბლია და ჩვენი ანბანი,
ქართველმა კაცმა გალობაც კი ვაზს მიამგვანა,
დიახ, ვაზია ლხინის ღმერთი, ლხინის უფალი,
ჭირნახულის და ჭირვარამის ჭირისუფალი...
ვაზო, შვილივით ნაზარდოო უთქვამს წინაპარს,
მირონი იცხო და ვაზის ჯვრით გზა გაილამპრა".
ვაზის ჯვარმა უწინამძღვროს, ვაზისა და ღვინის მადლმა დაიფაროს ჩვენი საქართველო...
Wednesday, June 9, 2021
ხუროთმოძღვრული ტაძრების არქიტექტურა და ფრესკები
სამუდამოდ ჩაიკერება ჩემი და ჩემი მეგობრების მეხსიერებაში 2021 წლის 9 ივნისი - კიდევ ერთი ლამაზი, ნაყოფიერი, ამაღელვებელი და პროდუქტიული დღე ჩვენი სასკოლო ცხოვრებიდან...
Tuesday, June 8, 2021
სახალხო დღესასწაული ,,ბერიკაობა“ ატარებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს
32-ე საჯარო სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ისწავლება არჩევითი საგანი ,,ფოლკლორი და მითოლოგია.“ ,,ბერიკაობით“ დაინტერესებული მოსწავლეები გაერთიანდნენ და თეატრალიზებული სანახაობაც მოაწყვეს, თავად დაამზადეს ნიღბები,სამოსი და იმპროვიზებულად წარმოადგინეს ის, რასაც წინაპრები დიდი გულმოდგინებით ატარებდნენ ხოლმე. პანდემიის გამო ვერ მოხერხდა უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიება, სამაგიეროდ ინფორმირებულები არიან ამ სახალხო დღესასწაულის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ქალაქ თბილისში ძეგლიც კი დგას ბერიკებისა, რომელიც დაათვალიერა საპროექტო ჯგუფმა და ყეენის მთაც მოვინახულეთ, სადაც საოცარი ,,საქართველოს მატიანეა“ გადაშლილი. გაჰყურებ თბილისის ზღვას და გესმის წინაპართა ძახილი:
-,,ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?“
-,,ჩვენ მოვდივართ!“
იგი ოდითგანვე დიდი მოწონებით სარგებლობდა და ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა საქართველოში.ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი). ალბათ, ამიტომაც ეს დღესასწაული გაზაფხულზე, გამრავლებისა და ბუნების გამოღვიძების პერიოდში იმართებოდა.
ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული.
დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია
და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო.საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბერიკაობა, რომელსაც ზოგჯერ 100-მდე შემსრულებელი ჰყავდა. მისი ტრადიციული ნიღბები იყვნენ:მეფე (სასიძო), კეკელა (სარძლო),მაჭანკალი, გლეხი, თავადი, თათარი, მოსამართლე, ექიმი, ხუცესი, აგრეთვე ტახი, დათვი, თხა და სხვა ცხოველები. დიდ ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ (ქალებისა და მოზარდების ბერიკაობა ცალკე იმართებოდა). საქართველოში ცნობილი ბერიკები იყვნენ XVIII საუკუნეში ოთარ ნორიოელი და ოიანა-ბუიანა, XIX საუკუნის I ნახევარში — აბელ რევაზიშვილი.
XXI საუკუნეში ბერიკები თბილისშიც გამოჩნდნენ.
დღეისათვის, დიდმარხვის ყველიერის კვირაში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში, დროდადრო ჩნდებიან ხოლმე ბერიკები – სახალხო თეატრალიზებული წარმოდგენების მონაწილეები.
,,ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია“ - მოსწავლის თვალით დანახული პროცესი
32-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები საბა და ლუკა ბუხრაძეები იმ ტრადიციულ ოჯახში იზრდებიან, ვაზისა და ღვინის კულტურას რომ მიაგებენ პატივს და ქვევრის ღვინის წარმოების საკუთარი გამოცდილება აქვთ. ბიჭები პატარაობიდანვე ხედავენ უფროსების ძალისხმევას, შრომას და რუდუნებას რთველის, ღვინის დაყენებისა და რეალიზების შესახებ.ახსოვთ, როგორ დაინტერესდნენ ჯერ კიდევ პატარები, როგორ ბაძავდნენ უფროსებს და ახლაც, თბილისიდან ჩასულები როგორ ეხმარებიან პაპას ყურძნის დაწურვაში.
Saturday, June 5, 2021
მექვევრეობის ძირძველი ტრადიცია გურიაში! - ბიჭიკო ჩხაიძე - მექვევრე და მეფუტკრე!
მექვევრეობა და მეფუტკრეობა - ორი შესანიშნავი საქმე შეუხმატკბილა ერთმანეთს მუყაითმა და გამრჯე ახალგაზრდამ. უყვარს თავისი საქმე.ჯიშსა და ჯილაგს ვერ ღალატობს,წინაპრების ძახილს ყურს უგდებს და ეფერება თიხას.ეს ტალახიც სოფლის მონაპოვარია.მოთხარო, მოიტანო, მოზილო, გამოძერწო, გამოწვა და... ვინ იცის.... რამდენი ფიქრი და სატკივარი, სიხარული და იმედი უნდა ამოაგვირისტო, ჭურად აქციო და... ჯადოსნური სითხით შეავსო, რომელიც იდუღებს და იშუშხუნებს, ძარღვებს დაივლის და ზოგს გააგიჟებს, ზოგს დააწყნარებს, ზოგს აამღერებს, ზოგს დააბერებს... ამიტომაც ჩვენი ბიჭიკოც ღიღინ-ღიღინით აკეთებს თავის საქმეს, რომ სულ სიმღერით გაილიოს ეს მადლიანი წუთისოფელი...
Friday, June 4, 2021
მასტერკლასი ვიკიჯაბასგან
2021 წლის 4 ივნისს საპროექტო ჯგუფის წევრები, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრის მოლოდინში, სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში შევიკრიბეთ... თითოეული ჩვენგანი, მოსწავლე და მასწავლებელი, გულისფანცქალით ველოდით სასურველ სტუმარს - ქართული ვიკიპედიის რედაქტორს, ვიკი-კლუბის დამფუძნებელს, სურამის N2 საჯარო სკოლის მენტორ მასწავლებელს, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრს, ქართულ-დანიური პარტნიორობის ექსპერტ-მასწავლებელს, ისტორიკოს ჯაბა ლაბაძეს.
Thursday, June 3, 2021
ქართული სუფრა
აკაკი წერეთლის "თორნიკე ერისთავის" შესწავლის შემდეგ მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები ქართულ სასუფრო ტრადიციებზე და გაამზადეს პრეზენტაციები
Friday, May 28, 2021
ქვევრის ღვინის დამზადება - სტუმრად პაპა თამაზის მარანში
გადავწყვიტეთ საფუძვლიანად გავცნობოდით ქვევრის ღვინის წარმოების ტექნოლოგიას. ამ მიზნით ჩვენი თანაკლასელი გიორგი მესხიძე გაემგზავრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში გაესაუბრა მეღვინე თამაზ გოთვაძეს, ჩაიწერა ინტვერვიუ, დაათვალიერა მისი მარანი და თბილისში დაბრუნებულმა გაგვიზიარა შთაბეჭდილებები.
Wednesday, May 26, 2021
ქართული სულის ზეიმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
Tuesday, May 25, 2021
შეხვედრა ნინო ზედელაშვილთან
25 მაისს ჩვენი საპროექტო ჯგუფის წევრები, ქართული კულტურით, საქართველოს ბუნების სილამაზით, პროზითა და პოეზიით დაინტერესებული ადამიანები Teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში შევიკრიბეთ და ამაოდმოუბარ ქალბატონებს ვუმასპინძლეთ... საღამო დავიწყეთ უჩვეულოდ ლამაზი გუდამაყრის ხეობის საცნობარო ფოტოკოლაჟით, რომელსაც ამშვენებდა დეკანოზ თავმაზ ჩოხელის სიმღერა და ამონარიდები გოდერძი ჩოხელის ლექსებიდან. გუდამაყარის ხეობაზე, მის ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე ვებინარი ჩაგვიტარა პოეტმა, პუბლიცისტმა, გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფმა, ქალბატონმა ნინო ზედელაშვილმა. ქალბატონმა ნინომ ბევრი რამ გვიამბო, უპასუხა ჩვენს კითხვებს, გაიხსენა ჩოხელის პროზა, პოეზია, დაწვრილებით განვიხილეთ და გავაანალიზეთ საოცარი ფილმი ,,სამოთხის გვრიტები," გავიგეთ, პატარა გოდერძის როგორ ,,დაუძახა კინომ", წლების შემდეგ როგორ ჩაირიცხა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და როგორ იქმნებოდა არაჩვეულებრივი ფილმები: ,,აღდგომა", ,,ლუკას სახარება", ,,ადამიანთა სევდა" ,,ადგილის დედა"...
ვებინარის მეორე ნაწილში ექვსი წლის წინ (2015 წლის 25 მაისს) მუხანათურად მოკლული ახალგაზრდა შემოქმედი ბეგი მამალაძე გავიხსენეთ, ვისაუბრეთ მის ნოველებზე, ლექსებზე, ნახატებზე, ჩვენმა სტუმრებმა, ბეგის დედამ, ქალბატონმა მარიკა ზედელაშვილმა და ახალგაზრდა კომპოზიტორმა თაკო კერესელიძემ ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედის ხანმოკლე ცხოვრების საინტერესო და სევდიანი ისტორიები გაიხსენეს... საინტერესო საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ვსვამდით კითხვებს, რადგან გვინდოდა, მეტი გაგვეგო ჩვენს თანატოლ ბიჭზე, რომელიც თავის სიყვარულიან სამყაროში იწვევდა ყველას და გვაცნობდა საქართველოს, სადაც ,,შავლეგოს მღერიან", ვებინარის მონაწილეებმა ერთხმად დავგმეთ ძალადობა. საინტერესო და სევდიანი ,,ფიქრთ გასართველი" საღამო დავასრულეთ კომპოზიტორ ნანა ბალახაშვილის ,,სამყაროს ჰიმნით," ულამაზეს მელოდიას, იმედიანი ხვალინდელი დღის საწყისივით, თან სდევდა და თავისებურ ხიბლს სძენდა ჩვენი სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტოკოლაჟი.
Friday, May 21, 2021
კალიგრაფიის გაკვეთლი - ლელა გაფრინდაშვილი
Thursday, May 20, 2021
შეხვედრა/ვებინარი ქართული ვიკიპედიის რედაქტორ, ისტორიკოს ჯაბა ლაბაძესთან
მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო ვებინარის მონაწილენი გავხდით. ჩვენი სტუმარი გახლდათ ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, ვიკი-კლუბის დამფუძნებელი და უკვე 13 300-ზე მეტი სტატიის ავტორი ამ სივრცეში, სურამის N2 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, ქართულ-დანიური პარტნიორობის ექსპერტ -მასწავლებელი, ისტორიკოსი ბატონი ჯაბა ლაბაძე.
სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში
2021 წლის 20 მაისს საპროექტო ჯგუფის წევრები, მოსწავლეები და მშობლები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვესტუმრეთ... წარსულთან შეხვედრა ძალიან ემოციური, საინტერესო და შთამბეჭდავი საფეხმავლო ტურით დაიწყო... ლამაზი ბუნება სიმწვანით, გაზაფხულის ფერადოვნებითა და მაცოცხლებელი ჰაერით შემოგვეგება. ვიმოგზაურეთ მე-19 საუკუნის საქართველოში, მოვისმინეთ გურული, მეგრელი, აფხაზური, რაჭული, იმერული ოდა-სახლებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ისტორია,..
Wednesday, May 19, 2021
კულტურული მემკვიდრეობის ღია მუზეუმის გახსნა!!!
კულტურული მემკვიდრეობის ღია მუზეუმის გახსნას დიდი საზეიმო ელფერი დაჰკრავს... ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები კიდევ ერთხელ გვახსენებენ ჩვენს წარსულს, მეობას, ისტორიას... სკოლის ეზოში გამოვფინეთ კერამიკული დოქები, სასმისები, ქოთნები, ხალიჩები, ეროვნული სამოსი, ქართული სუფრა და ათასი წვრილმანი... გავთავისუფლდით ვირუსის ტყვეობისაგან და ღრმად ამოვისუნთქეთ - სიყვარულით, სიკეთით, ერთობით, თანადგომითა და სილამაზით... ჩვენს სკოლაში ძლიერი მუხტია და ეს გვიჩვენებს, რომ ძალა ერთობაშია!
Tuesday, May 18, 2021
18 მაისი - ეროვნული სამოსის დღე!!
სსიპ ქ. თბილისის №32 საჯარო სკოლა კვლავაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად პანდემიისა, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო პროექტებში. ერთ-ერთი მათგანია კულტურული მემკვიდრეობის თემაზე. შექმნილი პროექტი „სათოფურიდან წინაპრები გვითვალთვალებენ“. პროექტის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო კაშია პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად ზრუნავს მომავალი თაობის ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაზე.
დღეს ეროვნული სამოსის დღეა. ამ დღესასწაულმა გააერთიანა მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, თემის წარმომადგენლები... რეგულაციების დაცვით, მაგრამ პატრიოტული სულის კვეთებით აღვსილი ახალგაზრდები აღნიშნავენ რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით მომავალში. ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ვაჟები დადიოდნენ და ულოცავდნენ თემს ჩვენი იდენტობის, კულტურის, ღირსებისა და მეობის აღმნიშვნელ დღეს. მათაც საოცრად უხდებოდათ ქართული სამოსი. სკოლის ეზოში გამოფენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი იწვევდა აღფრთოვანებას, ბედნიერებას, მადლიერებას დღევანდღელი დღის ორგანიზატორების მიმართ.
Sunday, May 16, 2021
სტუმრად კახეთში - დედას პური და ჩურჩხელა - არამატერიალური კულტურის ძეგლი
დიდი ინტერესით ჩავერთეთ პროექტში "ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა". საპროექტო ჯგუფის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე გავიგეთ, რომ კახური პური (დედას პური) და ჩურჩხელა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებისა და იუნესკოს კონცეფციის მიხედვით, 2015 წლის 7 ნოემბერს არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარეს. გაგვიჩნდა სურვილი, ჩავსულიყავით ჩემს მშობლიურ კახეთში, გავსაუბრებოდით ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ჩვენი თვალით გვენახა და უშუალოდ მათგან მოგვესმინა დედას პურისა და ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია.
გათენდა 16 მაისის დილა, მე მშობლებისა და მეგობრის თანხლებით ვეწვიე კახეთს. მშობლიური ქიზიყი მაისისათვის დამახასიათებელი სიმწვანითა და ფერადოვნებით შემოგვეგება. დილით ადრე შემოვიარეთ თონეები, დავესწარით პურის ცხობის პროცესს, ვისაუბრეთ დედას პურის დამზადების ისტორიაზე, ტექნოლოგიასა და საზოგადოებრივ გამოცდილებაზე. ასევე დავესწარით კახური ჩურჩხელის ამოვლების პროცესსაც. ქალბატონმა მარიკა ბუთლიაშვილმა დიდი ყურადღებით მოგვისმინა, გულთან მიიტანა საპროექტო ჯგუფის სურვილი, მერე მარნიდან ბადაგი ამოიტანა, სპეციალურად ჩვენთვის თათარა მოადუღა და სახელდახელოდ ჩურჩხელებიც ამოავლო, პარალელურად დაწვრილებით გვიამბობდა "ქართული სნიკერსის" დამზადების წესზე და გვაცნობდა საკუთარ გამოცდილებას.
მე და ჩემმა მეგობარმა დღე შინაარსიანად და ლამაზად გავატარეთ, ჩვენი საქმიანი ვიზიტი გადავიღეთ და თბილისში დაბრუნებულებმა საპროექტო ჯგუფის წევრებს გავაცანით. მადლობა კახეთს - ღვინისა და ვაზის სამშობლოს, მადლობა ქალბატონ მარიკას გულთბილი მიღებისა და უშურველი მასპინძლობისათვის, მადლობა პროექტს "ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა".
კულტურული მემკვიდრეობის კვირეული!
კვირეულის გეგმა:
17.05.21 - ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის: ა) ვიდეორგოლების ჩვენება ბ) გაკვეთილების ჩატარება
18.05.21 - ფილმების ჩვენება - განხილვა კვირეულის განმავლობაში ეროვნული სამოსის დღის მილოცვა
18.05.21 - ეროვნული სამოსის გამოფენა
18.05.21 - ნორჩი მხატვრების თვალით დანახული ქართული ეროვნული შესამოსელი
19.05.21 - პოდიუმი - წითელ ხალიჩაზე ეროვნული სამოსის წარდგენა
19.05.21 - კულტურული მემკვიდრეობის ღია მუზეუმის მოწყობდა და გამოფენა
20.05.21 - ნორჩი მხატვრების თვალით დანახული კულტურული მემკვიდრეობა
20.05.21 - მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნა- სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში
20.05.21 - შეხვედრა-ვებინარი ქართული ვიკიპედიის რედაქტორ ჯაბა ლაბაძესთან
21.05.21 - ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი ლელა გაფრინდაშვილისაგან და შეხვედრა მხატვარ-კალიგრაფ ქალბატონ ლელა მესხთან
22.05.21 - საფეხმავლო ტური თბილისის ზღვაზე: ხალხური ტრადიციული დღესასწაულის - ბერიკაობის იმიტაცია ყეენის მთაზე
22.05.21 - ზურაბ წერეთლის მონუმენტის - ,,საქართველოს მატიანე” დათვალიერება
24.05.21 - შთაბეჭდილებების დღიური - კვირეულის ანალიზი
საპროექტო ჯგუფი